ოპოზიციის მხარდამჭერები მათი ლიდერების მითითებით აპირებენ ბიულეტენზე ისეთი მინაწერის გაკეთებას, თითქოს ისინი საჯარო მოხელეები არიან და არჩევნებზე წასვლა დააძალეს. ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მან კონკრეტული გვარებიც კი დაასახელა, რომლებსაც, მისი მტკიცებით, ასეთი მინაწერების გაკეთება სთხოვეს.
“კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩევლებს მივიდნენ არჩევნებზე და დააფიქსირონ მხარდაჭერა “ქართული ოცნების” მაჟორიტარების კანდიდატების მიმართ. მე შემიძლია გვარიც კი დავასახელო, ვის სთხოვეს აჭარის ნაცმოძრაობის ლიდერებმა ასეთი მინაწერების დაფიქსირება ბიულეტენებზე: ქალბატონი ლაურა ტაკიძე, კობა მანველიძე, ზაიცევა.
გვაქვს კონკრეტული ინფორმაციები და მოვუწოდებ ნაცმოძრაობის ყველა ლიდერს თავი დაანებონ ასეთი პატარა ნაღმების აფეთქებას, რადგან აზრი არ აქვს, ყველა ინფორმაცია გვაქვს აბსოლუტურად. სუს-ს თავი დაანებონ, ყველა ინფორმაცია გამოდის მათი წარმომადგენლისგან,”- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
დღეს მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური 17 ოლქში ტარდება.
