მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი „ოქროს მოწმის“, დაზარალებული ვახტანგ ახვლედიანის დაკითხვა დასრულდა.
ახვლედიანი 6 არასრულწლოვნის საკითხთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით დაიკითხა.
გამოძიების ინფორმაციით, ავტომაგისტრალზე ვახტანგ ახვლედიანს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, რაც ექსპერტიზით არის დადასტურებული და მას დაზარალებულის სტატუსი აქვს.
თითქმის 4-საათიანი დაკითხვის შემდეგ, მან მედიასთან მხოლოდ ის განაცხადა, რომ სხდომაზე გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება დაადასტურა.
ადვოკატმა კახა წერეთელმა დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ ვახტანგ ახვლედიანს დასახელებული აქვს, ვინ მიაყენა დაზიანებები.
“ვახტანგ ახვლედიანმა გაიმეორა ის ბოლო ჩვენება, რომელიც მას ბოლოს ჰქონდა გამოძიებაში მიცემული. ამ ჩვენებებში, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილია, კონკრეტული პირები დასახელდა, დღეს კვლავ გამეორდა იგივე შინაარსის ჩვენება.
კონკრეტული სახელების და გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ, ვინაიდან არასრულწლოვანთა პროცესია. ახვლედიანს დაზიანებები ვინ მიაყენა, თავის დროზე დასახელებული იყო და დასახელდა დღესაც”, – განაცხადა წერეთელმა.
ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 11 არასრულწლოვანი და 6 სრულწლოვანი პირია დაკავებული.
5 პირს ბრალი ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ედება, ხოლო 12-ს გამოძიება ჯგუფურად ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება.
