„რუსთავი 2“-ის მფლობელის ქიბარ ხალვაშის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მას ბევრმა მიულოცა, თუმცა ბიძინა ივანიშვილმა არა.
ხალვაში ამბობს, რომ ხელმოწერის ნიმუშის მისაცემად სამხარაულში მივიდა და არ იმალება.
დამანებეთ თავი, არ შემიძლია კამერასთან მუშაობა - ქიბარ ხალვაში
ამის შესახებ ქიბარ ხალვაშმა ექსპერტიზის ბიუროში განაცხადა, სადაც საკუთარი ხელმოწერის ნიმუშის დასატოვებლად მივიდა.
მისივე თქმით, ივანიშვილთან კომუნიკაცია ბოლოს 2012 წლის ნოემბერში, ბელგიაში ჰქონდა.
„ივანიშვილთან კომუნიკაცია არ მქონია არასდროს. ერთხელ მქონდა ბელგიაში ვიყავით, 2012 წლის ნოემბერში. სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ კომუნიკაცია არ მქონია. ბევრმა მომილოცა, სამწუხაროდ იმან არა. ყველას, ვისაც გაუხარდა, მომილოცა. რომ გახარებოდა მომილოცავდა“, – განაცხადა ხალვაშმა.
ექსპერტიზის ბიუროში ხაზარაძე იმის დასამტკიცებლად მივიდა, რომ „რუსთავი 2“-ის მესაკუთრე თავადაა, რაშიც ყოფილი თავდაცვის მინისტრი ედავება. ოქრუაშვილის მტკიცებით, აქვს საბუთი რომელიც ტელეკომპანიას მას აკუთვნებს და ამ საბუთს ხელს ხალვაში აწერს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ხელმოწერის დანამდვილობის დასადასტურებლად ხალვაშისგან ექსპერტიზის ბიუროში მისვლას ითხოვდა.
ვინ არის ქიბარ ხალვაში – ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად დამწვარი და დაბრუნებული ბიზნესი
ქიბარ ხალვაში და ირაკლი ოქრუაშვილი მეგობრები იყვნენ. უცნობია რა ეტაპზე გაფუჭდა მათი ურთიერთობა იმ დონეზე, რომ ხალვაში ახლა მის განცხადებებზე პასუხს თავს ასე არიდებს:
„დედას გეფიცები, ოქრუაშვილზე საუბარი არ მინდა, მისი ბავშვის ნათლია ვარ. არ მინდა ყველაფერი ვილაპარაკო, ბავშვს გულს დავწყვიტავ. ღმერთის მეშინია. ბოლოკაცია, ნაძირალა, რეგვენი, გაუმაძღარი ადამიანი, რომელმაც კეთილდღეობისთვის შეიძლება ყველაფერი იკადროს,“ – თქვა მან.
იმის მიუხედავად, რომ კამერებთან თავს კომფორტულად ვერ გრძნობდა, ხალვაშმა სხვა კითხვებსაც გასცა პასუხი.
როგორც მან აღნიშნა, მას შემდეგ რაც გაირკვევა, რისი გაყოფაა შესაძლებელი, დავით დვალს შეხვდება.
„რაღაცა ხო უნდა გავიყოთ? ის რაღაცა რა არის ხო უნდა დავადგინო?“ – თქვა მან.
რაც შეეხება „რუსთავი 2-ის“ ფინანსურად მძიმე მდგომარეობას, ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არის.
“თქვენ თუ არ გააკოტრებთ კომპანიას თქვენი მუშაობით, მე არ გავაკოტრებ,“ – მიმართა მან „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტს კითხვის საპასუხოდ.