დასაქმებულისთვის საპენსიო ფონდში 2%-იანი შენატანი ბიზნესისთვის ტვირთი არ იქნება. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული თანხა დამსაქმებელს საშემოსავლო გადასახადიდან არ ჩამოეჭრება. ბიზნესს ამ თანხის გადახდა დამატებით მოუწევს.
როგორც საპენსიო რეფორმის სამსახურის უფროსმა ოთარ ძიძიკაშვილმა განმარტა, 2%-იანი შენატანი საკმაოდ მინიმალურია და ბიზნესს ტვირთად არ დააწვება.
„აღნიშნული მოდელი, ეკონომიკის სამინისტრომ საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით შეიმუშავა. თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ დამსაქმებელმა მის მიერ გადასახდელი 2% დასაქმებულის ხელფასიდან გადაიხადოს,“- განაცხადა ძიძიკაშვილმა.
მისი თქმით, ეს ინდივიდუალური იქნება და ზოგ შემთხვევაში შესაძლოა, ბიზნესმა საპენსიო შენატანი დასაქმებულს ხელფასიდან დაუქვითოს.
„შეიძლება ასეც მოხდეს, მაგრამ ეს, ალბათ, უფრო ნაკლები რისკია ამ რეფორმის გატარების პროცესში. მაგრამ ორ-ორ პროცენტიანი შენატანის გაკეთება საპენსიო ფონდში დამსაქმებლისა და სახელმწიფოსთვის ვალდებულება იქნება,“ – განაცხადა ოთარ ძიძიკაშვილმა.
საპენსიო რეფორმის კონცეფცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საპენსიო რეფორმის სამსახურმა დღეს ბიზნეს ასოციაციის საფინანსო კომიტეტს გააცნო.