LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა ზაქარეიშვილი: არ ვარ მომხრე საზღვრის ჩაკეტვის, ახლა ამის საჭიროებას ვერ ვხედავ…უნდა ავუხსნათ ამ ხალხს, რომ შემოდიან სახელმწიფოში, რომელიც არის ოკუპირებული რუსეთის მხრიდან, შესაბამისად, არ უნდა ელოდონ კეთილგანწყობას

89
უჯტრუჯრ5ტუჯ

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ჯერჯერობით რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის აუცილებლობას ვერ ხედავს.

აღნიშნულის შესახებ მან რადიო “ფორტუნას” ეთერში გადაცემაში “დღის თემა”ისაუბრა და აღნიშნა, რომ გარკვეული საფრთხეების მიუხედავად, საქართველოს აქვს ვალდებულებები ჰუმანიტარული სამართლის მიმართულებით.

“30 წლის განმავლობაში საქართველოს ასეთი შანსები არასდროს ჰქონია, ხელახლა დააყენოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი” – პაატა ზაქარეიშვილი განმარტავს, როგორი უნდა იყოს ქვეყნის სტრატეგია ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით

“ჯერჯერობით ვერ ვხედავ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე საფრთხეებს, მაგრამ საზოგადოებრივი წესრიგიდან გამომდინარე საფრთხეებს ვხედავ. საზოგადოებრივი წესრიგის მიმართ მე მაქვს შფოთვები.

დღეს გამოქვეყნდა სტატისტიკა რამდენი რუსი ადამიანი შემოდის და რამდენი გადის. დაინტერესებული ვარ ამ თემით, ვაკვირდები.

სომხეთი და თურქეთიც ამბობს, რომ ხმელეთით, როგორც წესი, რუსები შედიან მათთან საქართველოს გავლით.

უნდა ვიცოდეთ, ჩვენთან შემოსული რამდენი ადამიანი ტოვებს საქართველოს და მიდის სხვა სახელმწიფოში. როგორც წესი, მიდიან მაინც თურქეთში, ვიდრე სომხეთში.

რა თქმა უნდა, ბუნებრივია, მატება არის, მაგრამ რამდენად სერიოზულია ეს მატება? ჩემი აზრით, მთავარია რეგისტრაცია ამ ადამიანების. მე არ ვარ მომხრე საზღვრის ჩაკეტვის, ხვალ შეიძლება შევიცვალო პოზიცია, მაგრამ ამ წუთში მე ამის საჭიროებას ვერ ვხედავ.

პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, მთავარია საქართველოში შემოსულ რუსებს ჰქონდეს გარკვეული სახის შეზღუდვები:

უნდა აეხსნას ამ ხალხს საზღვარზე, რომ შემოდიან სახელმწიფოში, რომელიც არის ოკუპირებული რუსეთის მხრიდან, შესაბამისად, ისინი მათ მიმართ არ უნდა ელოდონ კეთილგანწყობას.

გაწერილი უნდა იყოს კანონში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომ ეკრძალებათ მათ გარკვეული მოქმედებები, სიტყვაზე, რუსეთის სახელმწიფო სიმბოლოების გამოფენა, დროშები იქნება, თუ ჰიმნის გაჟღერება. ანუ უნდა იყვნენ შეზღუდულები. ასევე უნდა შეიზღუდოს რუსეთის მოქალაქეებზე ხელმისაწვდომობა უძრავი ქონების გაყიდვაზე.

ეს ადამიანები სამართლებრივად ძალიან მოწყვლადები არიან. ისინი ვერც კი მოითხოვენ დევნილის სტატუსს იმიტომ, რომ მობილიზაციისგან თავის არიდება ეს არ არის უბედურება. დევნილის სტატუსს ითხოვენ ის ადამიანები, რომლებიც უბედურებას გაურბიან. მობილიზაციაზე უარის თქმა არ გაძლევს უფლებას მოითხოვო სხვა ქვეყანაში თავშესაფარი. ანუ ეს ადამიანები აქ დროებით არიან. მათ მოუწევთ გაიარონ დროებითი რეგისტრაცია.

ამიტომ, საჭიროა ჩაღრმავებული ინტერვიუები რამდენ ხანს რჩებიან, ფული საიდან აქვთ? როგორ ერიცხებათ? რას საქმიანობენ?

თუ გონივრულად ჩავუყვებით ამ ყველაფერს, მე ჯერ ვერ ვხედავ იმ საფრთხეებს, რომელსაც ლაპარაკობენ ის ადამიანები, რომლებსაც არანაირი არგუმენტი არ მოაქვთ გარდა იმისა, რომ საფრთხეებზე ლაპარაკობენ.

თუმცა აქვე ვამბობ, რომ რისკები ბევრია, თუნდაც საზოგადოებრივი წესრიგიდან გამომდინარე. მიუხედავად ამისა, ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებები, ჰუმანიტარული სამართალი, გვავალდებულებს ჩვენ კრიტიკულ სიტუაციაში, ადამიანები, რომლებიც გაურბიან რაღაც საფრთხეებს, მათ პირველადი, დროებითი, მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ,” – აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g