იტალიურმა Pagani-მ, რომელმაც Huayra-ს სერიული წარმოება უკვე დაასრულა, დამფუძნებლის, ჰორაციო პაგანის, 70 წლის იუბილეს აღსანიშნავად სამი განსაკუთრებული ავტომობილის გამოშვება გადაწყვიტა. თითოეული მათგანი უნიკალური დიზაინით იქნება შესრულებული. კომპანიამ ახლა ამ სერიის მეორე მოდელი წარადგინა – Huayra 70 Derecho, რომელიც გაძლიერებული V12 ძრავითა და მექანიკური გადაცემათა კოლოფით არის აღჭურვილი.
ახალი ექსკლუზიური სუპერქარის საჯარო პრემიერა უახლოეს შაბათ-კვირას, ბრიტანეთში, გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე გაიმართება.
Huayra 70 Derecho ოჯახის სხვა მოდელებისგან, პირველ რიგში, კარბონის ძარის განსაკუთრებული გაფორმებით გამოირჩევა. ავტომობილი სპილენძისფერი-ნარინჯისფრისა და მუქი ლურჯის კომბინაციაშია შეღებილი, რაც, კომპანიის განცხადებით, კარბონის ქსოვილის ბუნებრივ ტექსტურას კიდევ უფრო გამოკვეთს.

როდსტერმა ასევე მიიღო დიდი უკანა სპოილერი, ანოდირებული ალუმინის დეკორატიული ელემენტები, მათ შორის ინდივიდუალური ლოგო, და 21 დუიმიანი ბორბლები. ინტერიერში ნარინჯისფერი მხოლოდ ცალკეულ დეტალებში გვხვდება, ხოლო ძირითადი ფერთა გამა ლურჯისა და თეთრის კომბინაციითაა შესრულებული.

სუპერქარი აღჭურვილია Pagani-ს ტრადიციული 6.0 ლიტრიანი V12 ძრავით, რომლის სიმძლავრე 864 ცხენის ძალამდე, ხოლო მაქსიმალური ბრუნვის მომენტი 1 100 ნიუტონ-მეტრამდე გაიზარდა. შედარებისთვის, სტანდარტული Huayra მხოლოდ 730 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.