LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პანიკის გარეშე” – რუსეთის შესაძლო ინტერვენციის წინ ზელენსკი მოსახლეობას მიმართავს

111
ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მოსახლეობას მოუწოდებს, პანიკაში არ ჩავარდნენ რუსეთის შესაძლო სამხედრო ინტერვენციის გამო.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, აგრესორი სახელმწიფო მოსახლეობაში მიზანმიმართულად თესავს პანიკას, რათა წინააღმდეგობა შეასუსტოს და ინვესტორები განდევნოს.

„რაშია სიახლე? ნუთუ ეს რეალობა არ არის უკვე რვა წელია? ნუთუ შემოჭრა 2014 წელს არ დაიწყო? ნუთუ მასშტაბური ომის საფრთხე მხოლოდ ახლა გაჩნდა? ეს საფრთხე დიდი ხანია არსებობს. ახლა აქტიურად ესხმიან თავს არა ჩვენს მიწას, არამედ ჩვენს ნერვებს, რათა მუდმივად განგაშის შეგრძნება გქონდეთ“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა სიმშვიდის შენარჩუნება და საკუთარ ძალებსა და არმიაში რწმენა.

„პანიკის გარეშე! თავზარის გარეშე! ვიმედოვნებ, ვირუსების გარეშე. გულწრფელად მჯერა, რომ ომის გარეშე. დიდება უკრაინას!“ – განაცხადა მან.

“ჩემი ვარაუდით, ის უკრაინაში შევა,”- ეს განცხადება, შტატების პრეზიდენტმა ჯოსეფ ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მან ხაზი გაუსვა, რომ თუკი რუსეთი უკრაინაში შეიჭრება ეს მისთვის კატასტროფა იქნება, თუმცა ის, თუ რას მოიმოქმედებს დასავლეთი, დამოკიდებული იქნება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ქმედებების მასშტაბებზე.