პარიზელებს მიეცათ შესაძლებლობა, ძველი საფლავების მფლობელები გახდნენ და ამ ყველაფერს კონკურსის სახე ექნება. სიახლის შესახებ Yahoo წერს.
როგორც გამოცემა აზუსტებს, 3 ნოემბრიდან პარიზის მოსახლეობას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს უჩვეულო გათამაშებაში, რომლის შედეგადაც გამარჯვებულები საკუთრებაში მიიღებენ საფლავის ადგილებსა და საფლავის ძველ ქვებს ქალაქის ყველაზე ცნობილ სასაფლაოებზე – პერ-ლაშეზზე, მონპარნასზე და მონმარტრზე. პროექტი ქალაქის საბჭომ უკვე დაამტკიცა.
კონკურსის ჩატარების მთავარი მიზეზი ისტორიულ სასაფლაოებზე ადგილების დეფიციტი გახდა. თუმცა, გამარჯვებულებს გარკვეული ვალდებულებები ეკისრებათ: მათ მოუწევთ საფლავის ქვის აღდგენა და სარემონტო სამუშაოებისთვის თანხის გადახდა, რომლის ოდენობაც 500-დან 5000 ევრომდეა. ზუსტი თანხა მონუმენტის ტიპსა და მდგომარეობაზეა დამოკიდებული. გარდა ამისა, მონაწილეებმა უნდა წარადგინონ სარემონტო ბიუჯეტი, დაადასტურონ ფინანსური შესაძლებლობა და მიიღონ თანხმობა სასაფლაოს ადმინისტრაციისგან.
პარიზის მერიის გათვლებით, აღნიშნული ინიციატივა ქალაქის ბიუჯეტს 232 ათასი ევროს შემოსავალს მოუტანს. ამასთან, ადგილობრივი ხელისუფლება ხაზს უსვამს, რომ პროექტი ექსპერიმენტულია და მისი შედეგები ქალაქის საბჭოს მომავალ წელს წარედგინება.