LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პარლამენტის ტრიბუნის გამოუყენებლობა უბრალოდ უპასუხისმგებლობაა, ეს ეხმარება და აძლიერებს ორგანიზაცია „ოცნებას“ – ანა ბუჩუკური ოპოზიციის ნაწილის ბოიკოტზე

53
1622464655-ანა-ბუჩუკური-1

ისევ ბოიკოტი და უარი პარლამენტში მუშაობაზე – კიდევ ვინ დათმობს დეპუტატობის მანდატს მამუკა ხაზარაძის, ნონა მამულაშვილის, ზურა გირჩი ჯაფარიძის, ანი წითლიძის და ლევან ვარშალომიძის შემდეგ უცნობია.

მანდატების დატოვების გადაწყვეტილება გაუგებარია ოპოზიციის ნაწილისთვის.

აღნიშნულ თემაზე და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე რადიო „ფორტუნას“ ეთერში გადაცემაში „დღის თემა“ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა ისაუბრა.

როგორც ბუჩუკურმა აღნიშნა, ბოიკოტის გამოცხადება ოპოზიციის მხრიდან უპასუხისმგებლობაა.

„პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტის მიმართულებით მოწოდებებს ვისმენთ.

მაშინაც იგივე პოზიცია გვქონდა და ახლაც იმავე პოზიციაზე ვრჩებით, ჩემთვის პირადად, როგორც ერთი დეპუტატისთვის და ჩვენი გუნდისთვის ძალიან მძიმე წარმოსადგენია რას ნიშნავს, როდესაც მოქალაქე შენ განიჭებს უფლებამოსილებას წარმოადგინო პარლამენტში და შენ ამაზე უარს ამბობ, ჩემი შეფასებით, ამ ტრიბუნის გამოუყენებლობა უბრალოდ უპასუხისმგებლობაა. ეს სხვათა შორის ეხმარება და აძლიერებს ორგანიზაცია „ოცნებას“.

გაგახსენებთ, რომ, როდესაც ნახევრად ცარიელი პარლამენტი გვქონდა რამდენიმე თვის წინ, მაშინ „ოცნება“ საკმაოდ კომფორტულ რეჟიმში მუშაობდა.

ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციის მხრიდან თანმიმდევრული გადაწყვეტილებები, რომ თავისივე ნაბიჯებში იყოს თანმიმდევრული და მისივე ნაბიჯები იყოს ლოგიკური.

ჩვენი პარტია დაფუძნების დღიდან სწორედ ამ თანმიმდევრულ გზას მიჰყვება და მოვახერხეთ ის, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივ დონეზე 113 დეპუტატით ვართ წარმოდგენილი საკრებულოებში, რაც ცალსახად, ნამდვილად საამაყოა.“-განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

აღსანიშნავია, რომ დღეს პლენარულ სხდომაზე ანა ბუჩუკურმა “ქართული ოცნების“ წევრებს მიმართა.

მან განაცხადა, რომ პარტიამ „საქართველოსთვის“ პარლამენტში წარმოადგინა 14-მდე კანონპროექტი, რომელიც პაკეტის სახით არის 4 ინიციატივა, თუმცა არც ერთი ინიციატივა პარლამენტის მიერ არ განხილულა და მოსმენებიც კი არ დაწყებულა.

„ფორტუნა“ დაინტერესდა, რა ინიციატივები წარადგინა პარტიამ „საქართველოსთვის“ პარლამენტში, რაზეც ანა ბუჩუკურმა განაცხადა, რომ საუბარია 4 მნიშვნელოვან საკითხზე.

„დაახლოებით 6 თვე არის გასული რაც წარვადგინეთ. პირველი არის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილება, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვების, (იგულისხმება მოწმე და გამოსაკითხი არასრულწლოვნების) აღჭურვას უფასო იურიდიული დახმარების უფლებით, წარმოიდგინეთ, რამდენად ზეპარტიული და ზეპოლიტიკური საკითხია და ასეთ საკითხზეც კი „ოცნებას“, ვინაიდან მათ აქვთ უმრავლესობა პარლამენტში, არც დაუწყია საერთოდ ამ კანონპროექტის განხილვა.

ამის გარდა ჩვენ წარვადგინეთ კანონპროექტი სასამართლოსთან დაკავშირებით. ძალიან სამწუხარო მოვლენებს ჰქონდა ადგილი, მათ შორის პარლამენტის ფარგლებში, ვგულისხმობ უზენაესი სასამართლოს დანიშვნის პროცესს, რომელიც უნდა გაჩერებულიყო, მაგრამ „ოცნებამ“ არ გააჩერა. მეტსაც გეტყვით, ჩვენი გუნდი ესწრებოდა ამ კანდიდატების მოსმენას. ფაქტობრივად, გაიყვანეს უზენაეს მოსამართლეებად კანდიდატები, რომლებიც არათუ ახლა ვერ ხედავენ პრობლემას სასამართლო ხელისუფლებაში, არამედ როდესაც ჩვენი გუნდი ვუსვამდით შეკითხვას, თუ როგორ აფასებდნენ ისინი 2012 წლამდე არსებულ სასამართლო ხელისუფლებას, ამაზეც კი ვერ ბედავდნენ ეს ადამიანები, რომ შეეფასებინათ ობიექტურად, იქაც პრობლემას ვერ ხედავდნენ არათუ ახლა. შესაბამისად ესენი არიან ადამიანები, რომლებიც „ოცნებამ“ გაამწესა უვადო მოსამართლეებად. ამ ყველაფრის დასაბალანსებლად ჩვენმა გუნდმა წარვადგინეთ, ცვლილების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კონცენტრირებული ჭარბი ძალაუფლების დაბალანსების საკითხს, თუმცა ამ პროექტის განხილვაც საერთოდ არ დაწყებულა.

გარდა ამისა წარვადგინეთ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი-ადგილობრივ თვითმმართველობის კოდექსში ცვლილება, რომელიც უკავშირდება იმას, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ჰქონდეს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს ადგილობრივი ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამას სამოქალაქო ბიუჯეტირების, სახალხო ბიუჯეტის სახელითაც იცნობენ, რაც გულისხმობს იმას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ვალდებული უნდა გახდეს, რომ თავის ადგილობრივ მოსახლეობას პირდაპირ დაეკითხოს თუ როგორ განკარგოს ბიუჯეტიდან გარკვეული თანხები.

და კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ბოლო დიდი პაკეტი, რომელიც 11 კანონპროექტისგან შედგებოდა, უკავშირდება საპროკურორო და საგამოძიებო ფუნქციების გამიჯვნას, საბოლოო ჯამში კი ეს ემსახურება გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებას, რაშიც ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ ქვეყანაში გამოძიების ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ჩვენ ამ პროექტზე მუშაობა დავიწყეთ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც გიორგი გახარია იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, საკმაოდ აქტიურად ვთანამშრომლობდით ყველა პარტნიორთან და ეს პროექტი ვენეციის კომისიის მიერ არის დადებითად შეფასებული, თუმცა ამაზეც პარლამენტში უმრავლესობა რეაგირებას არ ახდენს,“-აღნიშნა ანა ბუჩუკურმა.

ანა ბუჩუკურმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში არჩევნების შედეგებიც შეაფასა:

„ეს იყო ყველაზე ცუდი არჩევნები, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ჩატარებულა. ეს არ ეხება უშუალოდ არჩევნების დღეს ან თუნდაც მეორე ტურის დღეს.

მთლიანად წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდი იყო არნახული სისტემური დაშინებების, ზეწოლების, რასაც ჰქვია ხმების ყიდვის, ყველანაირი უღირსი და დანაშაულებრივი სისტემური მეთოდებით გამოყენებით წარმართული და ეს არ იყო არც სამართლიანი არჩევნები და არც თავისუფალი არჩევნები, ეს არის ძალიან მოკლედ რომ გავაკეთოთ შეფასება.

რაც შეეხება შედეგებს, ბუნებრივია ამ ყველაფერმა შედეგებზე არსებითი გავლენა მოახდინა, ეს არის ჩვენი გუნდის პოლიტიკური შეფასება.

თუნდაც არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე სააკაშვილის ჩამოსვლა-დაკავების „სპეცოპერაცია“, რამაც მოახდინა ჩვენს მოქალაქეებზე გავლენა. ვგულისხმობ, მოქალაქე იძულებული გახდა, ფაქტობრივად, რომ პოლარიზებულ და ორ დომინანტ ძალას შორის ძირითად შემთხვევაში მიეღო გადაწყვეტილება,“-აღნიშნა ბუჩუკურმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g