აღმასრულებელი ხელისუფლება, რომელიც ვერ ახერხებს საკუთარ მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვას, საქართველოს პარლამენტის კონსტიტუციური ვალია უფლებამოსილება შეუწყვიტოს ამგვარი აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურს. – განცხადებას ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ავრცელებს, რითაც ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენების მოთხოვნას.
როგორც IDFI-ს განცახდებაშია აღნიშნული, 5 ივლისს მომხდარი ძალადობის თითოეულ შემთხვევაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება მოქმედ პრემიერ-მინისტრს და მოქმედ შინაგან საქმეთა მინისტრს. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში, მხოლოდ ეს ფაქტი სრულად საკმარისი უნდა იყოს აღნიშნული პირების თანამდებობის გადასაყენებლად.
“ფაქტია, რომ 5 და 6 ივლისს სახელმწიფომ არ შეაკავა ან ვერ შეძლო ძალადობის შეკავება რის გამოც 50 ზე მეტი ჟურნალისტი, მათ შორის, ალექსანდრე ლაშქარავა გახდა ჯგუფური ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. აღნიშნულზე მიუთითებს, 5 ივლისს განვითარებული მოვლენების საჯაროდ გავრცელებული კადრები. ნათელი იყო, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ არ/ვერ მიიღო სათანადო ზომები ცხადად განჭვრეტადი ძალადობის პრევენციისთვის.
აღმასრულებელი ხელისუფლება, რომელიც ვერ ახერხებს საკუთარ მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვას ე.ი. ვერ ასრულებს საკუთარ საბაზისო კონსტიტუციურ ვალდებულებას. უმნიშვნელოდ იმისა სახელმწიფოს 5 ივლისის კრახი გამოწვეული იყო განზრახვით თუ უმეცრებით, საქართველოს პარლამენტის კონსტიტუციური ვალია უფლებამოსილება შეუწყვიტოს ამგვარი აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურს. ეს არის საპარლამენტო დემოკრატიის სულისკვეთება.
სამწუხაროდ, მმართველი პარტიის წარმომადგენელთა მიერ უკანასკნელ დღეებში გაკეთებული კომენტარები მიუთითებს, რომ ქართული ოცნების მიზანს წარმოადგენს პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური ტვირთის შემსუბუქება. მათი გაკეთებული განცხადებები ძირითადად მანიპულაციურია, არ თავსდება ხელისუფლების დანაწილების ქართულ მოდელში და ამკვიდრებს სახიფათო პრეცედენტს.
მიუხედავად ამისა, შემაშფოთებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს გუშინდელი მოქმედებები. საგამოძიებო უწყება მის მიერვე დანიშნული ექსპერტიზის პასუხსაც არ დაელოდა, წინასწარ დაიწყო ალექსანდრე ლაშქარავას მადისკრედიტირებელი საინფორმაციო კამპანია და ნარკოტიკული ინტოქსიკაციით გარდაცვალების ვერსიაზე საუბარი.
ამ დრომდე სამართალდამცავ ორგანოებს ძალადობის არცერთი ორგანიზატორი არ მიუცია პასუხისგებაში, მეტიც, არც ვიცით, დაიწყო თუ არა გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტზე.აღნიშნული დამატებით აჩენს ეჭვებს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება ობიექტურად არ გამოიძიებს 5 და 6 ივლისს მომხდარი ძალადობას.
IDFI მიიჩნევს, რომ სახეზეა ყველა კონსტიტუციური წინაპირობა საქართველოს პრემიერ მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისთვის პოლიტიკური პასუხისმგებლობის დასაკისრებლად. ამავე დროს, ამ პირთა თანამდებობიდან გადაყენება აუცილებელია ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებისა და 5-6 ივლისს მომხდარი ძალადობის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ლეგიტიმაციის უზრუნველსაყოფად.” – აღნიშნულია ორგანიზციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში