LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატრიარქი: მიუხედავად განსხვავებული რწმენისა, საქართველოს შვილებს სამშობლოს სიყვარული გვაერთიანებს, შევთხოვ ღმერთს, ერთობით აკურთხოს ჩვენი მოსახლეობა და სრულიად საქართველო

160
საქართველოს საპატრიარქო

მიუხედავად განსხვავებული რწმენისა, საქართველოს შვილებს სამშობლოს სიყვარული გვაკავშირებს და გვაერთიანებს.  შევთხოვ ღმერთს, მშვიდობითა და ერთობით აკურთხოს ჩვენი მოსახლეობა და სრულიად საქართველო, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს წერილშია ნათქვამი, რომელიც წიგნის, „საქართველოში მოქმედი საკულტო ნაგებობები“ წარდგენისას წაიკითხეს.

როგორც პატრიარქის წერილშია ნათქვამი, დასრულდა აღწერა საქართველოში მოქმედი ტაძრებისა და სალოცავების და მოცემული მასალა ნათლად ასახავს, შედარებით მცირე პერიოდში თუ რამდენი ტაძარი აღდგა, რესტავრირდა და რამდენიც ახლად აშენდა.

„დღეს საზოგადოებას წარედგინება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გამოცემული წიგნი – ალბომი, რომელიც მოიცავს საქართველოში მოქმედ სალოცავებს როგორც მართლმადიდებლურს, ისე სხვა ქრისტიანულსა და არა ქრისტიანულს. იგი, ფაქტიურად, გაგრძელებაა წინა გამოცემებისა, – „თბილისში მოქმედი სალოცავები, საკულტო ნაგებობები“ (როგორც ამას ავტორები უწოდებენ) და „ოკუპირებული მემკვიდრეობა“. ამ წიგნებით დასრულდა აღწერა საქართველოში მოქმედი ტაძრებისა და სალოცავებისა და აღსრულდა უდიდესი საქმე, – შედეგი არაერთი ადამიანის თავდაუზოგავი შრომისა, წარმომჩენი ჩვენი მრევლის, ჩვენი მღვდელმთავრების და სასულიერო პირების მუშაკობისა. მოცემული მასალა ნათლად ასახავს, შედარებით მცირე პერიოდში თუ რამდენი ტაძარი აღდგა, რესტავრირდა და რამდენიც ახლად აშენდა სადიდებლად ღვთისა და სამსახურებლად ერისა ჩვენისა. ეს არის XXI საუკუნის I მეოთხედის ჩვენი ქვეყნის ერთგვარი სულიერი ფოტო-მატიანე. წარმოდგენილი ნაშრომები თავისთავად ითხოვს გაგრძელებას. ვგულისხმობ თუნდაც იმ ეკლესია-მონასტრებსა და სალოცავებს, რომლებიც დღეის მდგომარეობით არ არის მოქმედი ან ნანგრევის სახითაა შემორჩენილი. მათი აღწერაც მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს სრული ინფორმაცია გასაკეთებელი საქმის შესახებ. ასევე, სასურველია, საზღვარგარეთ არსებული ჩვენი ეკლესიების წარმოჩენაც.

მინდა, დავლოცო ბატონი ზაზა ვაშაყმაძე, რომლის მონდომებით და ზედამხედველობით განხორციელდა აღნიშნული წიგნების დაბეჭდვა და არაერთი სხვა უმნიშვნელოვანესი გამოცემა; დავლოცო მისი სამუშაო ჯგუფის თითოეული წევრი და შემდგომი წარმატებები ვუსურვო მათ საღვთო და საქვეყნო საქმეთა აღსრულებაში. საქართველო ოდითგანვე გამორჩეულია შემწყნარებლობით, რასაც მოწმობს მართლმადიდებლურ ქვეყანაში სხვა რელიგიების არაერთი საკულტო ნაგებობის არსებობაც. მიუხედავად განსხვავებული რწმენისა, საქართველოს შვილებს სამშობლოს სიყვარული გვაკავშირებს და გვაერთიანებს.  შევთხოვ ღმერთს, მშვიდობითა და ერთობით აკურთხოს ჩვენი მოსახლეობა და სრულიად საქართველო, ამინ“, – ნათქვამია პატრიარქის წერილში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g