LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაველ ჰერჩინსკი: „30 მილიონი ევრო, რომლის გადარიცხვასაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ვგეგმავდით, გაყინულია, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია, იქნება სხვა ნაბიჯებიც“

173
პაველ ჰერჩინსკი

„ამ დროისთვის ფული, რომლის გადარიცხვასაც ვგეგმავდით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის და რომელიც 30 მილიონ ევროს შეადგენს, გაყინულია“, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე – „ევროკავშირის გაფართოება – გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“ – მისულ ჟურნალისტებს ევროკავშირის ელჩმა უთხრა, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია და მას სხვა ნაბიჯებიც მოჰყვება.

პაველ ჰერჩინსკი: ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ, მაგრამ სამწუხაროდ, ამ დროისთვის, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია

„როდესაც საქმე ეხება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას საქართველოსა და ევროკავშირს შორის, სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, რომ ლიდერებმა ასევე გადაწყვიტეს, გაეყინათ ფული, რომელსაც ჩვენ ვიხდით საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდასაჭერად, მისი სახელწოდებაა „ევროპის სამშვიდობო ფონდი“.

ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი, იქნება სხვა ნაბიჯებიც. ჩვენი პირდაპირი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მიმართ შეიზღუდება და შევეცდებით, რომ საქართველოს მთავრობის პირდაპირი მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისკენ და მედიისკენ მივმართოთ. ეს გამოცხადდა ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა საბჭოს შემდეგ. ჩვენი პირდაპირი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მიმართ თანდათან შემცირდება და ფოკუსირებული იქნება სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე.

ძალიან, ძალიან ვწუხვარ, როცა გაცნობებთ, რომ ამ პოლიტიკის პირველი მსხვერპლი იქნება თავდაცვის სამინისტროს მიმართ ჩვენი მხარდაჭერა და სამწუხაროდ, 30 მილიონი ევრო, რომლის მიწოდებასაც ვგეგმავდით საქართველოს თავდაცვის მხარდაჭერის მიზნით, შეჩერებულია.

როგორც იცით, საქართველოს მთავრობის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა 10-ჯერ მეტია სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერასთან შედარებით, ჩვენ საქართველოს მთავრობას მრავალი წლის განმავლობაში ვაფინანსებთ. ევროკავშირის მხარდაჭერის თითქმის ნახევარი არის საქართველოს მთავრობისთვის პირდაპირი საბიუჯეტო მხარდაჭერა.

მიღებულია გადაწყვეტილება ამ პირდაპირი მხარდაჭერის თანდათან შემცირების შესახებ, მისი მიმართულების შეცვლის და სამოქალაქო და მედიაორგანიზაციებისთვის მხარდაჭერის გაზრდა, რომლებიც, როგორც ვიცით, დიდი ზეწოლის ქვეშ არიან საქართველოში ამ დროისთვის „გამჭვირვალობის“ კანონის გამო“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

ევროკავშირის ელჩი: „ჯერ კიდევ გაურკვეველია, იქნება თუ არა საქართველო ევროკავშირის გაფართოების შემდეგი დიდი ტალღის ნაწილი“

შეგახსენებთ, თბილისში ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია – „ევროკავშირის გაფართოება – გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“ მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g