LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პეკინში საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-8 სხდომა გაიმართა

119
ლევანი

საქართველოს ვიცე-პრემიერის ლევან დავითაშვილისა და ჩინეთის კომერციის მინისტრის მოადგილის ლინგ ძის თანათავმჯდომარეობით პეკინში საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-8 სხდომა გაიმართა.

როგორც კომისიის თანათავმჯდომარეებმა გამოსვლებში აღნიშნეს, ეს შეხვედრა კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას, ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას და პარტნიორობას სხვადასხვა სექტორული მიმართულებით.

კომისიის სხდომის დღის წესრიგის თანახმად, მხარეებმა შემდეგი საკითხები განიხილეს: სავაჭრო-ეკონომიკური სფერო, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის გაღრმავების პერსპექტივები, საინვესტიციო ურთიერთობები, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა და ინფრასტრუქტურა, საინფორმაციო ტექნოლოგიები და ინოვაციები, ტურიზმი, და სხვა.

„ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ნაყოფიერი და წარმატებული ურთიერთობა შესაბამისად აისახება ორმხრივი ვაჭრობის სტატისტიკაზე. 2023 წლის რვა თვის მონაცემებით სავაჭრო ბრუნვის მიხედვით, ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის 7.8%-იანი წილით მე-4 ადგილს იკავებს. საქართველომ გაატარა ინსტიტუციური და სტრუქტურული რეფორმები და შექმნა ბიზნესისთვის ხელსაყრელი, ლიბერალური საგადასახადო სისტემა და ეფექტური სამართლებრივი ბაზა. საინვესტიციო გარემოსა და ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით საქართველო რჩება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ქვეყნად და აგრძელებს მუშაობას პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე. ჩვენი მთავრობის დიდი ინტერესია, მოიზიდოს მეტი ჩინური კომპანია და ინვესტიცია საქართველოში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის თანათავმჯდომარეებმა სხდომის ოქმს მოაწერეს ხელი – მასში ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები აისახა. კომისიის შემდეგი სხდომა საქართველოში ჩატარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები