LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრებს შესაძლოა, მიუსაფარი ცხოველების შეყვანის შესაძლებლობა მიეცეთ 

119
Untitled design (1)

სარეაბილიტაციო პროგრამაზე, რომელიც პატიმრების მიერ მიუსაფარი ცხოველების „შვილად აყვანას“ გულისხმობს, პარლამენტში სამუშაო ჯგუფის ფორმატში იმუშავებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დღეს მიიღეს.

კომიტეტმა განიხილა შორენა ლობჟანიძის მიერ წარმოდგენილი პეტიცია „თერაპია თათებით“, რომელსაც 2040 მოქალაქე აწერს ხელს. პეტიციის ავტორები პატიმრებისა და მიუსაფარი ცხოველების კომბინირებული რეაბილიტაციის შესახებ საერთაშორისო გამოცდილებაზე ამახვილებენ ყურადღებას და დეპუტატებს კანონპროექტის შექმნასა და პროგრამის პენიტენციურ დაწესებულებებში დანერგვას სთხოვენ.

პროექტის განხილვის დროს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ თქვა, რომ საკითხის მიმართ არა მხოლოდ ინტერესით, არამედ გულშემატკივრობით არის განწყობილი:

„მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო შორენა ლობჟანიძეს და ყველას, თითოეულ მოქალაქეს, რომელმაც ამ პეტიციით მოგვმართა. ძალიან საინტერესო იდეაა, რასაც გავეცანი და, სიმართლე გითხრათ, უნდა მოვიფიქროთ რაღაც ფორმა, რომ ამ კუთხით მუშაობა გავაგრძელოთ. სახელწოდება ასეთი აქვს – „თერაპია თათებით“, რაც გულისხმობს, მაგალითად, პენიტენციურ დაწესებულებაში მიუსაფარი ცხოველების ყოლის შესაძლებლობას.

აღიარებულია და არაერთი პროექტია მითითებული თვითონ პეტიციაში, რომ წარმატებული პროექტები განხორციელდა არაერთ სახელმწიფოში, მათ შორის, სწორედ პენიტენციურ სისტემაში. მიჩნეული, რომ ეს სტრესთან ბრძოლის თვალსაზრისით, გარკვეული სოციალიზაციისთვის აუცილებელი უნარების ჩამოსაყალიბებლად ძალიან კარგი შესაძლებლობაა. ყოველმხრივ ლოგიკურად მეჩვენება და არათუ ინტერესით, არამედ გულშემატკივრობით ვარ განწყობილი.

ჩემი შემოთავაზება გახლავთ, რომ ამ პეტიციაზე მუშაობა დაიწყოს პარლამენტმა, შევქმნათ სამუშაო ჯგუფი, სადაც შევლენ აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე, შესაძლოა, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებიც. შესაბამისად, უკვე მომდევნო სხდომაზე სამუშაო ჯგუფის შესახებ ინფორმაციას წარმოვადგენთ“, – თქვა მიხეილ სარჯველაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g