სპეციალური პენიტენციური სამსახური დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებაში მსჯავრდებულ ბიზნესმენ, გიორგი ჩიკვაიძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს, გიორგი ჩიკვაიძეს ციხეში პაემნის უფლება აეკრძალა.
გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა დაიწყო
ამავე განცხადების მიხედვით, გიორგი ჩიკვაიძეს თვეში 2 ხანმოკლე პაემნის უფლება აქვს და სექტემბერში მან უკვე ისარგებლა კუთვნილი უფლებით და ხანმოკლე პაემნით სარგებლობა 2025 წლის ოქტომბრამდე აღარ ეკუთვნის.
„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მსჯავრდებულ გ.ჩ.-ს აეკრძალა პაემნის უფლება.
საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ მსჯავრდებულ გ.ჩ.-ს, პენიტენციური კოდექსის 120-ე მუხლის შესაბამისად, 1 თვის განმავლობაში 2 ხანმოკლე პაემნის უფლება აქვს. შესაბამისად, სექტემბრის თვეში გ.ჩ-მ უკვე ისარგებლა კუთვნილი ხანმოკლე პაემნის უფლებით. კერძოდ, ერთი ხანმოკლე პაემნის უფლებით მან ისარგებლა 2025 წლის პირველ სექტემბერს, ხოლო თვის განმავლობაში კუთვნილი მეორე ხანმოკლე პაემანი საკუთარი წერილობითი თხოვნის საფუძველზე, შეეცვალა სატელეფონო საუბრის უფლებით, პენიტენციური კოდექსის 119-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, მსჯავრდებულ გ.ჩ.-ს, ხანმოკლე პაემნით სარგებლობა 2025 წლის ოქტომბრამდე აღარ ეკუთვნის.
აქვე დავაზუსტებთ, რომ პენიტენციური კოდექსის 119-ე და 122-ე მუხლების შესაბამისად, მსჯავრდებულს 1 წლის განმავლობაში აქვს 3 ხანგრძლივი პაემნის უფლება, რომლით სარგებლობაზეც უარს თავად აცხადებს (აღნიშნული დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით).
რაც შეეხება მსჯავრდებულის ხანმოკლე პაემანს მინის გამყოფ ბარიერს მიღმა, საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ პენიტენციური დაწესებულების დებულებით, ეს წესი მოქმედებს აღნიშნულ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ყველა მსჯავრდებულისთვის.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც სამსახურის დისკრედიტაციასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად“, – წერია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებაშია მსჯავრდებული. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით მიმდინარე წლის 11 მარტს შეუცვალა. ის სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს.
📌სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მსჯავრდებულ გ.ჩ.-ს…
Posted by სპეციალური პენიტენციური სამსახური / Special Penitentiary Service of Georgia on სამშაბათი, 23 სექტემბერი, 2025