სურსათის ეროვნულმა სააგენტომ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების 24 სპეციალიზებული მაღაზია დარღვევებისთვის დააჯარიმა.
სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტირების ჯგუფებმა ქვემო ქართლის რეგიონში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების 37 სპეციალიზებული მაღაზია შეამოწმეს.
ეტიკეტირების წესის დარღვევის, ვადაგასული პრეპარატების განთავსებისა და რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის ფაქტები კი 24 სარეალიზაციო ობიექტში გამოვლინდა, რაზეც სააგენტომ გაატარა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები – ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და უხარისხო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეალიზაცია აეკრძალათ.
სააგენტოში აცხადებენ, რომ საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით და ფერმერთა ინტერესების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო სპეციალიზებული მაღაზიების კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.
მიმდინარე წელს კი დაგეგმილია პესტიციდისა და აგროქიმიკატის 300-მდე ნიმუშის აღება და ლაბორატორიული გამოკვლევა.