LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პეტერ ფიშერი: აცხადებთ, რომ გაწევრიანება გინდათ, მაგრამ ამბობთ, რომ ევროპული ფული „საშიშია“, ეს ლოგიკას მოკლებულია – ჩვენ არ გვჭირდება სახელმწიფო, რომელსაც ჩვენთან ყოფნა არ სურს! თუ არ გსურთ, თავი შორს დაიჭირეთ!

139
პეტერ ფიშერი

საქართველოს გააქვს კანონები, რაც არ არის ევროპული კანონმდებლობა, ერთმანეთის მიყოლებით გაგაქვთ კანონები, რაც აბსოლუტურად საწინააღმდეგოა – ისეთი კანონების მიღება, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონმდებლობას, არანაირად არ მიგაახლოებთ ევროკავშირთან, არამედ დაგაშორებთ მას!, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიური ინტერვიუში განაცხადა.

გერმანიის ელჩის თქმით, იმას, რაც საქართველოში ხდება, ლოგიკური ახსნა არ აქვს და ისეთი კანონების მიღება, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონმდებლობას, საქართველოს ევროკავშირთან დააშორებს.

„ყოველდღიურად „ქართული ოცნების“ ლიდერები განმარტავენ, რამდენად საშინელია ევროკავშირი. თუმცა აქვე ამბობენ, რომ სურთ გაწევრიანება. ანუ ამბობენ, რომ უნდათ ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ დიდი სიჩქარით შორდებიან მას. უბრალოდ შეხედეთ კანონებს და დაინახავთ – ეს არის ქართული კანონმდებლობა, ეს არის ევროპული კანონმდებლობა, ისინი ძალიან შორს არიან ერთმანეთისგან, რაც გაუგებარია.

რას ნიშნავს ეს? მე ვარ შეთანხმების მეორე მხარე, მე ვარ გერმანიის ელჩი და ჩემი მოვალეობაა, რომ მიგითითოთ ამ წინააღმდეგობაზე, რომ ვისაუბრო ამაზე, ვეცადო, რომ ეს გასაგები გავხადო, ამის შესახებ ანგარიში გავგზავნო უკან, სახლში და მათთვისაც გასაგები გავხადო. და ანგარიში, რომელსაც მე ვგზავნი გერმანიაში ამბობს, რომ იმას რაც აქ ხდება, ლოგიკური ახსნა არ აქვს. რას შეიძლება ეს ნიშნავდეს? ისეთი კანონების მიღება, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონმდებლობას, არანაირად არ მიგაახლოებთ ევროკავშირთან, არამედ დაგაშორებთ მას! ფაქტი ეს არის“,- განაცხადა ელჩმა.

რაც შეეხება უშუალოდ გრანტებსა და პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ კანონებში დაგეგმილ ცვლილებებს, ელჩის თქმით, ისინი ეწინააღმდეგება დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას.

„რაც ზოგჯერ მაკვირვებს: საქართველო პატარა ქვეყანაა. საქართველო ყოველთვის ცივილიზაციების გზაჯვარედინი იყო – ამ შესანიშნავი, ლამაზი ინტელექტისა და კულტურულ-ცივილიზაციური მგრძნობელობის დიდი ნაწილი, რაც საქართველოს ახასიათებს, ევროკავშირისთვის აქტივი იქნებოდა – თქვენი სიბრძნითა და გამოცდილებით ევროკავშირში თქვენი ყოფნა ჩვენთვის კარგი იქნებოდა. და ახლა საქართველოს ნამდვილად სურს სხვა გზის არჩევა? საერთაშორისო სივრციდან და ევროპისგან იზოლირება სურს, მაშინ როცა აცხადებთ, რომ გაწევრიანება გინდათ, მაგრამ ამავე დროს იმასაც ამბობთ ევროპული ფული კვლავ „საშიშია“? ეს ლოგიკას მოკლებულია. ვნახოთ, რა შედეგი ექნება ამას. თუმცა ჩემთვის ნათელია, რომ ეს საკანონმდებლო პაკეტი საქართველოს ობიექტურად, აშკარად და გადამწყვეტად უფრო დააშორებს ევროპას“,- განაცხადა ელჩმა.

მისი თქმით, საქართველომ შეიტანა განაცხადი ევროკავშირში წევრობისთვის და არა პირიქით, კანდიდატმა ქვეყანამ კი უნდა გადაიტანოს ევროპული კანონმდებლობა თავის კანონმდებლობაში.

„საქართველომ შეიტანა განაცხადი ევროკავშირში წევრობისთვის, ევროკავშირს არ შეუტანია განაცხადი საქართველოში წევრობისთვის. საქართველომ ეს ნებაყოფლობით გააკეთა.

ჩვენ არ გვჭირდება სახელმწიფო, რომელსაც ჩვენთან ყოფნა არ სურს. თუ ჩვენთან ყოფნა არ გსურთ, თავი შორს დაიჭირეთ! ეს ბევრჯერ მითქვამს, მაგრამ კიდევ ღირს ამის გამეორება, კანდიდატმა ქვეყანამ უნდა გადაიტანოს ევროპული კანონმდებლობა თავის კანონმდებლობაში.

წევრობა არის სამართლებრივი პროცესი. მაშინ როდესაც არსებული ევროპული კანონმდებლობა არის კანონი შენს ქვეყანაში, შენ შეგიძლია შეუერთდე ევროკავშირს, იქამდე, არ შეგიძლია“,- განაცხადა ფიშერმა.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g