ორგანზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლელებისთვის” სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში პაციენტებისათვის იურიდიული დახმარების მიღების შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც ისინი აცხადებენ, 2018 წლის 7 მაისს ორგანიზაციის წარმომადგენლები „სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში“ იმყოფებოდნენ, რა დროსაც, მათ დაწესებულებაში მოთავსებულ პირებთან შეხვედრისა და სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობა არ მიეცათ.
PHR ფაქტის გამო, შეშფოთებას გამოთქვამს და ვარაუდობს, რომ შეზღუდვა დაწესებულებაში არსებულ ადამიანის უფლებებისა და ღირსების შემლახველ მოპყრობასთანაა კავშირში, რომელიც ბოლო პერიოდში გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი.
“აღნიშნული შეზღუდვა არ არის ერთჯერადი ხასიათის. 2018 წლის 27-28 მარტს უფლებადამცველების პაციენტებთან შეხვედრის შეზღუდვა დაფიქსირდა ასევე ხონის (ქუტირის) ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, რასთან დაკავშირებითაც”, –ნათქვამია განცხადებაში.
მას შემდეგ, რაც მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაწესებულების ბენეფიციარებს დამამცირებელ და ღირსების შემლახავ პირობებში უწევდათ ცხოვრება, სამინისტროს სპეციალური მონიტორინგის ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება დაწესებულებაში დროებითი მმართველის დანიშვნის შესახებ, რომელსაც დაუყოვნებლივ უნდა ჩაენაცვლებინა ძველი მმართველი.
თუმცა, ორგანიზაციის ინფორმაციით, სამინისტრომ დროებითი მმართველის დანიშვნასთან ერთად ვახტანგ ამირანაშვილს მისცა შესაძლებლობა, თითქმის ორი თვის მანძილზე, კვლავ ჩართულიყო სურამის ფსიქიატრიულ დაწესებულების საქმიანობაში და უწყვეტად ჰქონოდა შეხება დაწესებულებაში მოთავსებულ პირებთან.
“ორგანიზაციის შეფასებით, სამინისტროს მიერ სურამის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში დროებითი მმართველის დანიშვნა ატარებდა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს, საზოგადოებრივი მღელვარების ჩახშობის განზრახვით და მის რეალურ მიზანს არ წარმოადგენდა დაწესებულებაში მოთავსებული პირების დაცვა უფლებების დარღვევის რისკებისგან. სისტემის მხრიდან მსგავსი მიდგომა ადამიანის უფლებების მიმართ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს ეხება, რომელიც დახურულ სივრცეში იმყოფება და შეზღუდული აქვს კომუნიკაცია გარე სამყაროსთან, შემაშფოთებელი და მიუღებელია”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოუწოდებს, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მცხოვრები ადამიანების უფლებების დაცვას და მაქსიმალურად უზრუნველყოს ამ პირებისთვის უფლებადამცველებთან შეხვედრის უფლების რეალიზება, რათა მაქსიმალურად იქნეს თავიდან აცილებული დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან არასათანადო მოპყრობისა და კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების ხელყოფის შემთხვევები.