პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მივიდა, სადაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეა მოთავსებული.
კობახიძესთან ერთად, კლინიკაში იმყოფებიან ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი.
„თორნიკე რიჟვაძეს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. მიხარია, რომ კარგი მიმართულებით ვითარდება გამოჯანმრთელების პროცესი. რა თქმა უნდა, მე ვერ გეტყვით დეტალებს, მაგრამ ინფორმაცია მივიღეთ, ბუნებრივია, ექიმებისგან და დინამიკა არის დადებითი და ეს ძალიან გვიხარია. მადლობა ღმერთს, რომ მიმდინარეობს გამოჯანმრთელების პროცესი.
მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება დაიწყო მყისიერად და, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა დეტალის დადგენა, რაც შეიძლება ამ ფაქტს უკავშირდებოდეს, დანარჩენს, ბუნებრივია, გამოძიება იტყვის.
მე ყველაფრით დავინტერესდი და, რაც მთავარია, გამოძიება უნდა დაინტერესდეს ყველაფრით, რა იყო მიზეზი. თქვენ იცით, კონკრეტული მუხლით არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე და შესაბამისად უნდა იყოს გამოძიებული ყველაფერი, ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა, მათ შორის, წერილის დეტალებსაც აქვს მნიშვნელობა და, ზოგადად, ყველა გარემოებას, ყველაფერი უნდა იყოს დეტალურად შესწავლილი.
თავისი შინაარსით, ეს არის ისეთი საქმე, რასთან დაკავშირებითაც, ბუნებრივია, განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამოხატული, მათ შორის, ჩემი მხრიდანაც და არა მარტო ჩემი მხრიდან, ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პროკურატურის ინფორმაციით, 7 ივლისს, დაახლოებით 01:10 საათიდან 01:30 საათამდე პერიოდში, თორნიკე რიჟვაძემ მალულად აიღო ალექსი ახვლედიანი კუთვნილი „გლოკის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ალექსი ახვლედიანს „დაუდევრად ჰქონდა დატოვებული თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებულ შემინულ ფანჩატურში“, შემდეგ კი მათივე ინფორმაციით, ასევე მალულად გადაიტანა სტუმრისთვის განკუთვნილ საძინებელ ოთახში და მარტო დარჩენილმა, თვითმკვლელობის მიზნით ისროლა გულმკერდის არეში, რამაც მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.
„საქართველოს პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 6 ივლისს, საღამოს საათებიდან თ.რ. სტუმრად იმყოფებოდა, ქ. საგარეჯოში, თავისი მეგობრის ა. ა.-ს სახლში. 7 ივლისს, დაახლოებით 01:10 საათიდან 01:30 საათამდე პერიოდში, თ.რ.-მ მალულად აიღო ა. ა.-ს კუთვნილი „გლოკის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ა.ა.-ს დაუდევრად ჰქონდა დატოვებული თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებულ შემინულ ფანჩატურში, შემდეგ ასევე მალულად გადაიტანა სტუმრისთვის განკუთვნილ საძინებელ ოთახში და მარტო დარჩენილმა, თვითმკვლელობის მიზნით ისროლა გულმკერდის არეში, რამაც მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.
ინფორმაციისთვის, 7 ივლისს, დილით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.
მოგვიანებით თორნიკე რიჟვაძე თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს.