LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველად, აღმასრულებელ დონეზე ტერმინი ოკუპაცია დაფიქსირდა: ზალკალიანი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებას უპრეცედენტოდ აფასებს

52
დავით ზალკალიანი

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა წელს განსაკუთრებული და უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და პირველად, აღმასრულებელ დონეზე დაფიქსირდა ისეთი მნიშვნელოვანი ტერმინი, როგორიც ოკუპაციაა.

ამის შესახებ დავით ზალკალიანმა დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრიორიტეტულ საკითხად, კვლავ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის აქტუალიზაცია და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მობილიზაცია რჩება:

“მთავარი პრიორიტეტული მიმართულება გახლავთ საქართველოს საკითხის, კერძოდ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის აქტუალიზაცია საერთაშორისო თანამეგობრობის ფარგლებში და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მობილიზაცია. ამ თვალსაზრისით ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატება. კერძოს, სტრასბურგში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტზე მიღებულია გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით. 2014 წლის შემდეგ, ყოველწლიურად ჩვენ ამ ორგანიზაციის ფარგლებში ვიღებთ გადაწყვეტილებებს და აღსანიშნავია, რომ წლევანდელი გადაწყვეტილება არის განსაკუთრებული და უპრეცედენტო, რადგანაც პირველად აღმასრულებელ დონეზე დაფიქსირდა ისეთი მნიშვნელოვანი ტერმინი, როგორიც არის ოკუპაცია.” – განაცხადა მინისტრმა.

ზალკალიანი ამბობს, რომ მინისტრთა კომიტეტის მხრიდან ძალიან მკაცრი შეფასებებია და ასეთი შეფასება საერთაშორისო ორგანიზაციის ფარგლებში იშვიათია, რომ მოიძებნოს:

“მინისტრთა კომიტეტი ასევე მიესალმება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინებას საქმეზე “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” და გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთის ფედერაცია, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო პასუხისმგებელია საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციის პერიოდში ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებზე, კერძოდ საქართველოს მოქალაქეების მკვლელობაში, წამებაში, არასათანადო მოპყრობასა და უკანონო დაკავებაში, ქართველების სახლების ძარცვასა და დაწვაში, ქართველების მიმართ ეთნიკური ნიშნით არაადამიანურ მოპყრობაში, იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლების ხელყოფაში. როგორც ხედავთ, ძალიან მკაცრი შეფასებებია და ასეთი მკაცრი შეფასება საერთაშორისო ორგანიზაციის ფარგლებში იშვიათია, რომ მოიძებნოს.” – თქვა მან.

ქვეყნის პირველმა დიპლომატმა საოკუპაციო ძალების მხრიდან ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მინისტრთა კომიტეტი რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, საქართველოს რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლების დაცვა უზრუნველყოს:

“მინისტრთა კომიტეტი განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოთქვამს საოკუპაციო ძალების მხრიდან ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის გამო და მისთვის 12 წელზე მეტი ვადით უკანონო მისჯის გამო. მოუწოდებს, რომ დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული ყველა უკანონოდ დაკავებული. ასევე განსაკუთრებული შეშფოთება არის გამოთქმული საქართველოს მოქალაქეების მკვლელობის ფაქტებზე, დაუსჯელობის გამო და პირდაპირი მოწოდებაა რუსეთისადმი, მოხსნას ყოველგვარი დაბრკოლება, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკურად ქართველების მკვლელობის საქმეებზე დამნაშავეები მიეცნენ პასუხისგებაში. კიდევ ერთი ელემენტი, რომელზეც ამ გადაწყვეტილებაში არის საუბარი, არის მოწოდება დაუყოვნებლივ გაიხსნას ე.წ. დაბლოკილი გადასასვლელები და ხალხს მიეცეს თავისუფალი გადაადგილების უფლება.” – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის თქმით, გადაწყვეტილებაში ხაზგასმულია “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” მნიშვნელობა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება – დააწესოს შემზღუდავი ზომები ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებზე პასუხისმგებელ პირთა მიმართ.

არის ასევე მოწოდება, რომ რუსეთის ფედერაციამ, როგორც ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელმა ძალამ, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს საერთაშორისო თანამეგობრობის წვდომა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

დავით ზალკალიანმა აღნიშნულ გადაწყვეტილებას დიპლომატიური საქმიანობის მნიშვნელოვანი წარმატება უწოდა და მადლიერება გამოხატა იმ წევრი ქვეყნების მიმართ, რომლებმაც მხარი დაუჭირეს აღნიშნულ გადაწყვეტილებას.

 

პოპულალურები