დანიამ პირველად მსოფლიოში დაასაქმა რობოტი, რომელიც ორსულებს ულტრაბგერით გამოკვლევებს ჩაუტარებს. აპარატი უკვე წარმატებით გამოიცადა 100 პაციენტზე ოლბორგის საუნივერსიტეტო კლინიკაში და ამჟამად ევროპაში ფართო გამოყენებისთვისაც დამტკიცდა. სიახლის შესახებ Life Science წერს.
მანამდე, ექოსკოპიას ყოველთვის ხელით ატარებდნენ და ეს ხშირად დიდ ფიზიკურ დატვირთვასთან იყო დაკავშირებული. განსაკუთრებით მაშინ, როცა ნაყოფი არახელსაყრელად იყო განთავსებული ან პაციენტს ჭარბი წონა ჰქონდა.
ამიერიდან კი ფიზიკურად რთულ სამუშაოს საკუთარ თავზე რობოტი აიღებს. ექიმი მხოლოდ მის მუშაობას გააკონტროლებს.
დანიის შრომითი ხელშეკრულების მიხედვით, ექიმს ექოსკოპიის გაკეთება კვირაში მხოლოდ 28 საათი შეეძლო, ბუნებრივია რობოტისთვის მსგავსი შეზღუდვა არ იმოქმედებს.
კლინიკის თანამშრომლების თქმით, პაციენტებს სიახლესთან დაკავშირებით საკმაოდ მშვიდი რეაქცია აქვთ, ბევრ მათგანს ახალი აპარატის მუშაობის პრინციპი ძალიან აინტერესებს.
შეგახსენებთ, რომ დანიაში რობოტები უკვე კარგა ხანია რაც ქირურგებს ეხმარებიან.