მუსიკოსმა ნიკოლოზ რაჭველმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში უწმინდესთან დაკავშირებული პირადი და ემოციური ისტორიები გააზიარა.
რაჭველმა გაიხსენა პატრიარქის განსაკუთრებული მზრუნველობა მის მიმართ და ის სიმბოლური საჩუქრები, რომლებსაც ილია II მას შემოქმედებითი სტიმულისთვის გადასცემდა.
„მეძახდა ხოლმე, მიბარებდა, გვერდით მისვამდა და ხინკალს მაჭმევდა – პატრიარქმა იცის, რომ ხინკალი მიყვარს… ისე მიჭირდა ჭამა, ხელები მიკანკალებდა, ჩემთვის წამება იყო პატრიარქის თვალწინ ჭამა, ძალიან მერიდებოდა. საავადმყოფოდან რომ გამოვედი, მითხრა – ცოტა ხანს ჩემთან იცხოვრეო, წიგნები მაქვს, ხატებსაც ვწერო, ბაღში ჩავიდეთ ხოლმე და ყვავილები მორწყავთო. ამ ზაფხულსაც შევხვდით ფასანაურში… მამა ტარიელი გამოგზავნა – მომიყვანეთ, როგორ ხარო? მკითხა. მერე თვითონ მითხრა – არ ხარ შენ ცუდადო.
დარდი რომ შემატყო, მითხრა: „აბა, მაშ მე რა ვქნაო?“ საჩუქრებსაც მჩუქნის, ფულიც უჩუქებია ხოლმე. არის ასეთი ამონარიდი გოდერძი ჩოხელის წიგნიდან „გუდამაყრელი იები“, სადაც ის ამავეს იგონებს. გოდერძი ჩოხელი არანორმალურად მიყვარს და მინდოდა მაყურებელს ეს სიტყვები მოესმინა… მეც განვეკუთნები იმ ადამიანთა რიგს, რომელსაც საჩუქარი შეხვდა. ხინკალსაც ვჭამდით ერთად არაერთხელ და ფულიც უჩუქებია ჩემთვის პირველად რომ მაჩუქა 100-ლარიანი, ძალიან დავიბენი – რა ვუყო ახლა ამას, ხომ ვერ დავხარჯავ-მეთქი. „ნოტების ფურცელი იყიდეო“ მითხრა.
სიმართლე გითხრათ, არ შევასრულე ეს და შევინახე. მეორედ რომ მნახა, მკითხა – რა ქენი, მუსიკა დაწერე ჩემს ნაჩუქარ ნოტების ფურცელზეო? ვერ დავუმალე და ვუთხარი, რომ ვერ დავხარჯე. მაშინ მეორე ასი ლარი მაჩუქა – ეს დახარჯე და ის შეინახეო. ძალიან გამიჭირდა ამ დღეებში საჯარო საუბარი, ძალიან მიჭირს…“
