თბილისში, სასტუმრო „სტამბაში“ გაეროს გლობალური შეთანხმებისა და საქართველოს ქსელის ორგანიზებით, ევროპის სხვა ადგილობრივ ქსელებთან პარტნიორობით, საქართველოში პირველად, საერთაშორისო კონფერენცია „Uniting Business Europe“ იმართება.
კონფერენციაზე მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში, კერძო სექტორის წვლილს შეაფასებენ.
გაიმართება დისკუსია, თუ რა კრიტიკული როლი აქვს კრიზისის დროს ბიზნესის ლიდერობას, პრინციპებზე დაფუძნებულ მიდგომას, გლობალურ ტენდენციებს, მექანიზმებს და პარტნიორობას 2030 წლის დღის წესრიგის სრულად მისაღწევად.
დამსწრეებს ვიდეომიმართვის მეშვეობით მიმართავს გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწე და გაეროს გლობალური შეთანხმების აღმასრულებელი დირექტორი, სანდა ოჯიამბო.
ღონისძიების სპიკერებს შორის არიან: ჰეიდი ჰაუტალა, ევროპული პარლამენტის ვიცეპრეზიდენტი (ჰიბრიდული ფორმატით), ვიტორია ფერაგამო, „ილ ბორო ტოსკანას“ მფლობელი, იმრან აჰმადზადა, NEQSOL Holding Azerbaijan – ის ხელმძღვანელი, მელინა არაკელიანი, ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში, ვალერი ჩეხერია, „რუმს ჰოტელსის“ აღმასრულებელი დირექტორი, ვახტანგ კაჭარავა, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი, ნინო მასურაშვილი, თიბისი ბანკის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, რომეო მიქაუტაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, სატიშ ბატი, „აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი, იკინ ჰაჯიევი, „Sustainera Solution“-ის აღმასრულებელი დირექტორი, ეკატერინა შავგულიძე, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დამოუკიდებელი არა-აღმასრულებელი დირექტორი და კორპორაციული მართვის, ნომინირების და ანაზღაურების კომიტეტის თავმჯდომარე, ჰენინგ სასე, „Norm”-ის აღმასრულებელი დირექტორი და სხვა მაღალი რანგის ადგილობრივი და გლობალური ბიზნეს ლიდერები, ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სხვა აქტუალურ საკითხებს შორის, კონფერენციის მონაწილეები იმსჯელებენ:
- კერძო სექტორის მიერ მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების პროგრესზე
- ევროკავშირში კორპორაციული მდგრადობის რეგულაციებზე
- ქალების ეკონომიკურ გაძლიერებაზე
- მდგრად დაფინანსებაზე
- მდგრადი შესყიდვების პრაქტიკაზე
- განახლებად ენერგიაზე გადასვლის დაჩქარებაზე
- კრიზისის დროს ბიზნესის ლიდერობის მნიშვნელობაზე
20 წელზე მეტია, გაეროს გლობალური შეთანხმება მდგრადი კომპანიებისა და დაინტერესებული მხარეების გლობალური მოძრაობის სათავეშია.
მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელების შუალედურ წერტილთან მიახლოვებასთან ერთად, გზავნილი მკაფიო გახდა: ხელისუფლებები და ბიზნესი პროგრესს აღწევენ, თუმცა, არა სასურველი ტემპით და მასშტაბით. კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულმა კრიზისმა, გლობალურმა პანდემიამ, გაუარესებულმა სოციალურმა და ეკონომიკურმა უთანასწორობამ, უკონტროლო კორუფციამ და უკრაინაში ომის გამანადგურებელმა შედეგებმა უპრეცედენტო რღვევა და გლობალური ტრანსფორმაცია გამოიწვია.
კარგი ამბავი ისაა, რომ 2030 წლისთვის მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა ჯერ კიდევ შესაძლებელია, თუმცა, პროგრესის მკვეთრად დასაჩქარებლად, საჭიროა გადაუდებელი, მასშტაბური და მრავალმხრივი ქმედება. საჭიროა მკაფიო პოზიცია და თამამი ლიდერობის დემონსტრაცია, რათა ბიზნეს მოდელები და ეკონომიკები უფრო ინკლუზიური გახდეს და არავინ დარჩეს განვითარების მიღმა (Leaving no one behind).
Uniting Business Europe-ში მონაწილეობას მიიღებენ გაეროს გლობალური შეთანხმების წევრები და დაინტერესებული მხარეები: ადგილობრივი და გლობალური ბიზნეს ლიდერები; ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები; დიპკორპუსის წარმომადგენლები, კორპორაციული მდგრადობის ექსპერტები; სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და გაეროს გლობალური შეთანხმების ადგილობრივი ქსელების წარმომადგენლები ევროპიდან, ჩრდილოეთ ამერიკიდან და ცენტრალური აზიიდან.
საერთაშორისო კონფერენცია ორგანიზებულია შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) თანადაფინანსებით USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში.