LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი ”საჰაერო ტაქსი” საქართველოში ფრენისთვის ემზადება

121

პირველი ”საჰაერო ტაქსი” საქართველოში ფრენისთვის ემზადება. კომპანია “აჭარა ჯგუფი”, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ”საჰაერო ტაქსების” ოპერირებას განახორციელებს, ლიცენზიას რამდენიმე დღეში მიიღებს. როგორც ”ფორტუნას” საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის სტანდარტების, სერტიფიცირებისა და ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კახა ჩაჩავამ განუცხადა, ყველა საჭირო დოკუმენტაცია უკვე გაფორმებულია და ამ ეტაპზე კომპანიის ბაზის ინსპექტირება მიმდინარეობს.

”დღეს უნდა დასრულდეს საჰაერო ხომალდის ინსპექტირება და ეს არის სერთიფიცირების ბოლო ეტაპი. თუ რაიმე შენიშვნები გვექნება, ბუნებრივია, კომპანიას მიეცემა დრო ამ ხარვეზების გამოსასწორებლად. თუ ასეთი რამ არ მოხდა, მაშინ სერთიფიკატი უკვე მომავალ კვირაში გაიცემა”, – აღნიშნა ჩაჩავამ.

“აჭარა ჯგუფის” გენერალური დირექტორის ვალერი ჩეხერიას განცხადებით კი, კომპანია ფრენებისთვის ლიცენზიის მიღებას ელოდება. პირველი ხომალდი უკვე თბილისშია, რომელიც ამერიკულმა კომპანიამ Beechcraft-მა დაამზადა. თავდაპირველად ქვეყნის მასშტაბით ორი ”ტაქსი” იფრენს, მოთხოვნის ზრდის პარალელურად კი მათი რაოდენობაც გაიზრდება.

როგორც ჩეხერიამ ”ფორტუნას” გარკვეული პერიოდის წინ განუცხადა, აღნიშნული ტაქსები ძირითადად უცხოელ ტურისტებზე იქნება გათვლილი, თუმცა იმ ადგილობრივებსაც მოემსახურება, რომლებსაც ქვეყნის დათვალიერება და ტურისტული ადგილების მონახულება სურთ. ამასთან, ფრენის ღირებულება საკმაოდ ხელმისაწვდომი იქნება და ტარიფი მას შემდეგ დადგინდება, რაც კომპანია ფრენაზე ლიცენზიას მიიღებს.

ცნობისთვის, საჰაერო ტაქსი პირველ ეტაპზე იმ მიმართულებით იფრენს, სადაც აეროდრომები არსებობს (ყაზბეგის, ბათუმის, სვანეთის და სხვა მიმართულებით).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები