საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს და საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეული მიხეილ ყაველაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივების ხელის მოწერას, სალომე ზურაბიშვილი მედიასთან კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, „პირველივე დღეს რეპრესიული კანონების მიღება ძალიან მიუღებელია“.
სალომე ზურაბიშვილმა მისთვის დაცვის სამსახურის მოხსნის საკითხზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა: „ვიცოდი, რომ იმ კანონს მიიღებდნენ და ყველაფერს ველოდები“.
❗ პირველივე დღეს რეპრესიული კანონების მიღება ძალიან მიუღებელია… ვიცოდი, რომ ამ კანონს (დაცვის მოხსნაზე) მიიღებდნენ, ყველაფერს ველოდები – სალომე ზურაბიშვილის პირველი კომენტარი მიხეილ ყაველაშვილის მიერ ხელმოწერილ კანონებზე
Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on ორშაბათი, 30 დეკემბერი, 2024
ცნობისათვის, „საკანონმდებლო მაცნეზე“ საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეული მიხეილ ყაველაშვილის ხელმოწერით 28 კანონპროექტი გამოქვეყნდა. გამოქვეყნებულ კანონპროექტებს შორის არის „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებები, რომლის საფუძველზეც დემონსტრანტებს აქციების დროს ნიღბით და ნებისმიერი სხვა საშუალებით სახის დაფარვა, ასევე ლაზერული მოწყობილობებისა და პიროტექნიკის გამოყენება ეკრძალებათ.