მმართველი გუნდის წევრი ირაკლი ზარქუა ეხმიანება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, რუს ოლიგარქებს და ასევე ბიძინა ივანიშვილს სანქციები უნდა დაუწესდეთ.
ზარქუას განცხადებით, პოდოლიაკი უკრაინის მთავრობაში ჩვეულებრივი რიგითი ჭანჭიკია:
“პოდოლიაკი და კიდევ ძმანი მისნი, არ არის ჩვენთვის საინტერესო. ეს არის “ჭე” კლასის, თუ არ ვცდები, ვიღაც მრჩევლები, რომლებსაც შიგნითაც არ უსმენენ და რამდენადაც გავიგე, თურმე უკრაინის ის მაგარი, მებრძოლი ბიჭები ემუქრებიან კიდეც მათი არასწორი განცხადების და პოლიტიკის გამო და ბუნებრივია, ასეთ ადამიანს ახლა შენ ობიექტურობა და სამართლიანობა მოსთხოვო, გაჭირდება.
ეს არის ფასიანი ლობისტი, სავარაუდოდ, სააკაშვილის, რომელიც უკრაინაში ჰყავს მიმოფანტული, უამრავი ჰყავს, მათ შორის მთავრობაში და ამიტომ ამაზე დროს ნუ დამაკარგვინებთ. ჩვეულებრივი რიგითი ჭანჭიკია უკრაინის მთავრობაში.
ასეთი ადამიანის განცხადება უინტერესოა. ჩვენ უკრაინას მხარს ვუჭერთ და ვამბობთ, რომ რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია, რადგან ჩვენ ეს 2008 წელს გამოვცადეთ.
ვერც პოდოლიაკები და ვერც მსგავსი ღირებულების მქონე ადამიანები ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს ვერაფერს დააკლებენ, რაც უნდა ეცადონ. მათი ბრალდებები, სისულელეები და შტერობები ომს ვერ გახსნის საქართველოში, ჩვენი ქვეყნიდან მეორე ფრონტი არ იქნება, ამას ვერ მიაღწევენ, ვინც არ უნდა იყოს…
თავის დროზე ვაფრთხილებდით პოროშენკოს, შემდეგ თმებით რომ ითრევდა და ციხე-ციხე დაატარებდა, იგივე ვუთხარით ზელენსკისაც. მისი გადასაწყვეტია, ამ ყველაფერს გაითვალისწინებდა თუ არა.
ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს, მის ტერიტორიულ მთლიანობას. დანარჩენი, ეს ჭანჭიკები რას იტყვიან, უმნიშვნელოა, რადგან დღეს არიან, ხვალ არ იქნებიან”, – თქვა ზარქუამ.