გუდაურში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის მოსახსენებელ სამოქალაქო პანაშვიდზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, თბილისის მერი კახა კალაძე და სხვა პოლიტიკოსები მივიდნენ.
სამების საკათედრო ტაძარში, გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი დილიდან მიმდინარეობს.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლები, ასევე რიგითი მოქალაქეებიც იმყოფებიან. მათ დაღუპულები გაიხსენეს და აღნიშნეს, რომ თითოეული მათგანი გმირია.
გარდაცვლილებს 14:00 საათზე სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენებენ და თავიანთ საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.
ტრაგედიას, რომელმაც მთელი ქვეყანა შეძრა, – მფრინავი ზაზა ლორია, მფრინავი დიმიტრი ქააძე, მფრინავი ლევან ჩოხელი, მფრინავი ანდრო ქუჯოშვილი, მაშველი კახა ტორჩინავა, მაშველი გიორგი მარგიანი, ექიმი ქეთევან გულაღაშვილი და ექიმი გიორგი ვენეცკი შეეწირნენ. მთავრობის გადაწყვეტილებით, მათი ოჯახები ასი ათას ლარს მიიღებენ.
ვრცლად გუდაურის ტრაგედიის შესახებ წაიკითხავთ აქ:
ტრაგედიის მსხვერპლი გმირები: ცნობილია გუდაურში ჩამოვარდნილ ვერტმფრენში მყოფი პირების ვინაობა
გუდაურში მომხდარი ტრაგედიის შედეგად მფრინავი ზაზა ლორია დაიღუპა
გუდაურში ტრაგიკულად დაღუპულების სამოქალაქო პანაშვიდი 2 აგვისტოს სამებაში გაიმართება