„არაფერი ახალი არ მომისმენია. პრემიერმა გვითხრა, რომ ჩვენ არასწორად გავიგეთ მისი ნათქვამი წინა შეხვედრაზე. მან თქვა, რომ მას კონკრეტული ვადები არ დაუსახელებია“, – ამის შესახებ განცხადება საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის მამამ მიხეილ გახელაძემ გააკეთა.
მისი თქმით, ღარიბაშვილი მათ გადარწმუნებას ცდილობდა, იმასთან დაკავშირებით, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე „მისი გადასვლა საღი აზრი არ არის“, თუმცა მიხეილ გახელაძე აცხადებს, რომ ხვალ ოკუპირებულ მხარეს გადასვლას და დაანონსებული აქციის გამართვას გეგმავს.
„შევხვდი პრემიერს. გუშინ დამირეკეს და ოჯახის წევრებისთვისაც არ მითქვამს ამ შეხვედრის შესახებ. არაფერი ახალი არ მომისმენია. პრემიერმა გვითხრა, რომ ჩვენ არასწორად გავიგეთ მისი ნათქვამი წინა შეხვედრაზე. მან თქვა, რომ მას კონკრეტული ვადები არ დაუსახელებია.
პრემიერი შეეცადა ჩემს დარწმუნებას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩემი გადასვლა და ჩაბარება არ არის საღი აზრი, თუმცა ვერ გადამათქმევინებს ვერავინ. ხვალ მე ისევ შევეცდები გადასვლას ოკუპირებულ მხარეს, ასევე ისევ ძალაშია ჩვენს მიერ ხვალ დაანონსებული აქცია. ჩვენ ამ აქციით ხელისუფლებას მეტი ქმედითი ნაბიჯის გადადგმას და მეტ ყურადღებას ვთხოვთ“, – განაცხადა პრემიერთან შეხვედრის შემდეგ ზაზა გახელაძის მამამ, მიხეილ გახელაძემ.
შეგახსენებთ, 33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს, კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს. დაკავებისას, ე.წ. მესაზღვრეებმა გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ფეხის არეში დაჭრეს, რის შემდეგაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.
5 თებერვალს, ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.