ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ კოვიდინფიცირებული პაციენტების საავადმყოფოებში სამკურნალოდ ანტივირუსული პრეპარატი „რემდესივირი” ოფიციალურად დაამტკიცა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
როგორც ცნობილია, პრეპარატმა გამოჯანმრთელების საშუალო დრო ხუთი დღით შეამცირა.
„პრეპარატი დამტკიცებულია კოვიდ 19-ის სამკურნალოდ 12 წლისა და მეტი ასაკის პაციენტებისთვის, რომელთა წონა სულ მცირე 40 კილოგრამია და რომლებიც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ,” – აღნიშნულია აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, „რემდესივერის” დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილება სხვადასხვა კლინიკურ ცდებს ეფუძნება.
ორგანიზაციის მტკიცებით, ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ მონაწილეთა იმ ჯგუფში, რომელსაც „რემდესივერით“ მკურნალობდნენ, გამოჯანმრთელების საშუალო დრო 10 დღე იყო, რაც 5 დღით ნაკლებია იმ პაციენტების გამოჯანმრთელების დროზე, რომლებსაც პლაცებოს გამოყენებით მკურნალობდნენ.
მანამდე, აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ კორონავირუსის სამკურნალოდ „რემდესივირი“ გადაუდებელი გამოყენებისთვის მაისში დაამტკიცა.