საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის მოთხოვნის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი რიგგარეშე სხდომების მოწვევას გეგმავს.
რიგგარეშე სესიის მოწვევის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება პარლამენტში უკვე შევიდა და დეპუტატებს გადაეგზავნა.
როგორც სალომე ზურაბიშვილის განკარგულებაშია აღნიშნულია, საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, მოწვეულ იქნეს პარლამენტის რიგგარეშე სესია 18 ივლისიდან.
შეგახსენებთ, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა რიგგარეშე სესიის დანიშვნის მოთხოვნით პრეზიდენტს 13 ივლისს მიმართა და შესაბამისი ერთობლივი განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ რიგგარეშე სესია წარმოადგენს დეპოლარიზაციისკენ გადადგმულ რეალურ ნაბიჯს და იქნება მაჩვენებელი რეალურად უნდა თუ არა ხელისუფლებას ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული წევრის სტატუსის მისაღებად სავალდებულო წინაპირობების შესრულება, პროცესების დეპოლარიზაცია და ოპოზიციასა და ხალხთან ურთიერთობის შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის ფორმატში გადატანა, თუ მათი მიზანია დროის გაწელვა და რეკომენდაციების შესრულების პროცესის იმიტაცია.