13 ოქტომბერს ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილი მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი, რომელმაც შადრევანში ჩასული სხვა ბავშვები გადაარჩინა – მედლით „სამოქალაქო თავდადებისთვის“ დააჯილდოვა.
ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს:
„მარიტა მეფარიშვილი 2022 წლის 13 ოქტომბერს თბილისში, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის დროს მეგობრების გადასარჩენად თავგანწირვისათვის, უდიდესი ჰუმანურობისა და განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისათვის დაჯილდოვდა და სახელმწიფო ჯილდო მის ოჯახს გადაეცა.
ხოლო „ეკოსერვის ჯგუფის“ უფროსი მებაღე დევი მეზურნიშვილი 2022 წლის 13 ოქტომბერს თბილისში, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის დროს მოზარდების გადარჩენის მიზნით გამოვლენილი თავდადებისა და განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისათვის დაჯილდოვდა“, – აღნიშნულია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი მათგანის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.
აღნიშნულ საქმეზე 9 პირი დააკავეს. სასამართლომ დაკავებული 9 პირი პატიმრობაში დატოვა.
დევი მეზურნიშვილი ვაკის პარკის უფროსი მებაღეა, რეომელმაც ტრაგედიის დღეს 2 ბავშვის გადარჩენა შეძლო, ის შადრევანში ჩავიდა და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად 2 ბიჭი ამოიყვანა.
ამავე თემაზე ვრცლად წაიკითხავთ აქ:
შეძრული ვარ, მსგავსი ტრაგედია არ უნდა განმეორდეს და არავინ უნდა განიცადოს: სალომე ზურაბიშვილი
მინისტრის მოადგილე: ბავშვები დილიდან არ იყვნენ გაკვეთილზე, დამრიგებელმა მშობლებს აცნობა