„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, „თბილისი პრაიდის“ კვირეულის შესახებ ხელისუფლების წარმომადგენლებისა და სასულიერო პირების განცხადებებს ეხმაურება.
ბოკერიას თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისა და სასულიერო პირების განცხადებები პირდაპირ ძალადობის წახალისებაა, ხოლო ივანიშვილის რეჟიმი, რომელსაც ვალდებულება აქვს ყველა მოქალაქე დაიცვას, სიგნალს უშვებს, რომ მოსახლეობის კონკრეტულ ნაწილს იგივე უფლებები არ აქვს, რაც ყველა დანარჩენს.
ბოკერიამ აღნიშნა, რომ ამ მანიფესტაციის ღიად მხარდაჭერა პრინციპული საკითხია და მას მხარი უნდა დაუჭიროს ყველამ, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავალი და თავისუფლება.
„ეს არის საფრთხე არა მხოლოდ ამ უმცირესობის ჯგუფისთვის, რომელიც ყველაზე უფრო მძიმე მდგომარეობაშია, სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულების და ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკის გამო, არამედ ყველა ჩვენგანის თავისუფლების საფრთხეა.
ამიტომ არის პრინციპული საკითხი ამ მანიფესტაციის ღიად მხარდაჭერა ყველა მოქალაქის, პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ძალის მხრიდან, ვისთვისაც ჩვენი ქვეყნის მომავალი, თავისუფლება და ჩვენი თავისუფლება არის ძვირფასი,“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
