LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურამ დიპლომატიური კორპუსი ჩვენს საქმეზე დახურულ შეხვედრაზე მიიწვია – ხაზარაძე

76
54

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების ინფორმაციით, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 6 სექტემბერს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დახურულ შეხვედრაზე მიიწვია. მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ცნობითვე, პროკურატურა გეგმავს უცხოელ დიპლომატებს წარუდგინოს მის მიერ დაქირავებული ორი საერთაშორისო ექსპერტის დასკვნა ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე.

ამასთან დაკავშირებით TBC ბანკის დამფუძნებლები განცხადებას ავრცელებენ.

“აღნიშნული დახურული შეხვედრა წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციითა და ცივილიზებულ სამყაროში დადგენილი პრინციპების უხეშ უპატივცემულობას. ჩვენთვის გაუგებარია, რას შეიძლება ემსახურებოდეს დახურულ კარს მიღმა მხოლოდ ერთი მხარის მიერ ინფორმაციის მიწოდება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე (რომელზეც ჯერ სასამართლო განხილვა არც კი დაწყებულა) გარდა იმისა, რომ სასამართლო პროცესამდე გაგვასამაართლონ და გამოგვაცხადონ დამნაშავეებად”

ხაზარაძე და ჯაფარიძე მიიჩნევენ, რომ აღნიშნული დახურული შეხვედრით პროკურატურა ცდილობს პოლიტიზირებულ საქმეზე, გადაწყვეტილების პასუხისმგებლობა გადაიტანოს დიპლომატიურ კორპუსზე.

“ამგვარი შეხვედრით პროკურატურა ღიად ცდილობს ამ პოლიტიზირებულ საქმეზე, რომელსაც არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი საფუძველი, გადაწყვეტილების პასუხისმგებლობა გადაიტანოს დიპლომატიურ კორპუსზე. ეს მცდელობა აჩვენებს, რომ პროკურატურა გასულია სამართლებრივი ჩარჩოდან და ლეგიტიმაციის მწვავე კრიზისს განიცდის, როგორც ამ კონკრეტულ საქმეზე, ისე ზოგადად.

ასევე, გვინდა თქვენი ყურადღება გავამახვილოთ იმ ფაქტზე, რომ აღნიშნულ საქმეზე საჯარო განცხადებებს აქტიურად აკეთებენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები და მედიაში დეტალურად განიხილავენ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს. მმართველი პარტია საქმის სასამართლოში განხილვის დაწყებამდე, ფაქტობრივი გარემოებების გაყალბებულად და დამახინჯებულად გადმოცემით, ცდილობს სასამართლოს გადაწყვეტილებამდე შექმნას საზოგადოებრივი აზრი ამ საქმესთან დაკავშირებით.

ჩვენ მოვითხოვთ საქმის გამჭვირვალედ წარმართვას, საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით გარანტირებული ყველა სტანდარტის დაცვით. თუ ხელისუფლებას აქვს სურვილი აღნიშნულ საქმეზე ჩართოს საერთაშორისო ექსპერტები, მივიჩნევთ, რომ ეს ექსპერტები უნდა იყვნენ არა პროკურატურის მიერ დაქირავებული იურისტები, მათი კვალიფიკაციის მიუხედავად, არამედ მისგან დამოუკიდებელი საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე იურისტები, რომლებსაც მიეწოდებათ საქმის შესახებ სრული და ამომწურავი ინფორმაცია და ექნებათ შესაძლებლობა დამოუკიდებლად ჩამოიყალიბონ აზრი მიმდინარე საქმეზე“, – ნათქვამია მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის განცხადებაში.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g