LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინის სასარგებლო იდიოტი… უკრაინა ნატოში მიწვევას ითხოვს და მშვიდობის იმედი აქვს

151
viktor_orban_ursula_von_der_leyen

მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე მთავარი ინტერესის საგანი უცვლელია: რა ხდება ევროპაში, უკრაინის ფრონტზე, რა ვითარებაა ახლო აღმოსავლეთში და პლუს ოკეანის გადაღმა საპრეზიდენტო არჩევნები. სწორედ ამ მიმდინარე მოვლენებზე გაამახვილა ყურადღება გადაცემაში „მსოფლიო, როგორც ასეთი“ პოლიტიკურმა მიმომხილველმა ბუკა პეტრიაშვილმა.

ევროპის კავშირის წევრებს ძალიან არ მოსწონთ ვიქტორ ორბანის პოზიცია და თითიც დაუქნიეს; უკრაინას ათეულობით მილიარდის სესხს მისცემენ, რომელსაც რუსული რეზერვები დაფარავს; ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპულ ტურნეშია და მშვიდობის იმედი აქვს; მოლდოვა ევროპულ რეფერენდუმს უყრის კენჭს… აშშ-ში კი პრეზიდენტობის კანდიდატები თანაბრად მიდიან.

“ევროპულ პარლამენტში ახალი შემადგენლობით დიდი ციებ-ცხელება იყო. მართალია ჩვენი ყურადღება მიპყრობილი იყო საქართველოს დებატებთან დაკავშირებით, მაგრამ საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე ვიქტორ ორბანთან დაკავშირებული შენიშვნები. ის თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსით იყო მიწვეული და ჰქონდა ძალიან მძიმე მომენტები დებატების დროს. ახალშეკრებილმა ევროპარლამენტარებმა მკაცრად ისაუბრეს და მისი თანდასწრებით გამოიყენეს ტერმინები – პუტინის სასარგებლო იდიოტი, ყველაზე კორუმპირებული, დანაშაულის მქონე ლიდერი… ასევე ითხოვდნენ იმ სახსრების უკან დაბრუნებას, რაც უნგრეთისთვის ორბანის დროს გამოიყო.

ბრიუსელიდან კარგი ამბებია უკრაინისთვის. შეთანხმდა უკრაინისთვის 35 მილიარდი ევროს შეღავათიანი სესხის გამოყოფა. მისი დაფარვა მოხდება რუსული გაყინული რეზერვებიდან. ბელგიისა და ლუქსემბურგის ბანკებში დაახლოებით 300 მილიარდი ევროა. ეს იმ გადაწყვეტილების ნაწილია, რომ 50 მილიარდი უნდა გამოეყოს უკრაინას და დაიფაროს დიდი შვიდეულის ქვეყნების ბანკებში გაყინული რუსული რეზერვებიდან, რომელზეც რუსეთს წვდომა აღარ აქვს.

რუსეთი განაგრძობს ინტენსიურ იერიშებს ფრონტზე, დაიკავეს რამდენიმე დასახლებული პუნქტი. თუმცა თავის მხრივ უკრაინაც რჩება კურსკის ოლქში. დიდი ყურადღება ეთმობა შეიარაღების პროცესს და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საკითხს. უკრაინელებმა დრონების მეშვეობით შეძლეს კრასნოდარის ოლქში, ასევე მაიკოპში დიდი მარაგების განადგურება.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაიწყო ტურნე ევროპაში. ხორვატიაში ყოფნისას ზოგადად ისაუბრა სამშვიდობო გეგმის შესახებ და გამოთქვა იმედი, რომ არის კარგი შანსი, თუ საერთაშორისო თანამეგობრობაში ერთსულოვნება იქნება, მშვიდობას მიაღწიონ.

სამშვიდობო გეგმა მზად იქნება ნოემბერში, ზელენსკი კი საუბრობს, რომ ერთ-ერთი მთავარი და პირველი პუნქტი ეს არის ნატოში უკრაინის მიწვევა. ამ საკითხზე არის სპეკულაციები და სხვადასხვა ვერსიები.
საინტერესოა როგორი იქნება ნატოს ლიდერების რეაქცია. თუ იქნება რაიმე ფორმით შესაძლებელი კონსესუსის მიღწევა, რომ უკრაინა მიიწვიონ ალიანსში.

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მოლდოვაში იმყოფება. ორ კვირაში მოლდოვა აირჩევს პრეზიდენტს, ასევე ტარდება რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ფონ დერ ლაიენმა მოუწოდა მოლდოველ ხალხს, რომ მიიღონ მონაწილეობა. მართალია, ისინი პროცესში ვერ ჩაერევიან, მაგრამ უმნიშვნელოვანესია, რომ მოლდოველებმა თავად აირჩიონ გზა უკეთესი მომავლისკენ. კვლევებით, 65% მხარს უჭერს ევროპის კავშირში გაწევრიანებას.

გამალებული ორთაბრძოლა მიდის აშშ-ში, საარჩევნო კამპანია შედის გადამწყვეტ, საბოლოო ფაზაში. დონალდ ტრამპმა ხელმეორე დებატებზე უარი თქვა. ფლორიდის ქარიშხლის გამკლავებასთან დაკავშირებით გამოჩნდება ხელისუფლების როლი, რაც შესაძლოა გადამწყვეტიც აღმოჩნდეს. პრობლემური საკითხების მოგვარებას როგორ გაუმკლავდება კამალა ჰარისი და რას მიაღწევს შედეგების აღმოფხვრაში. კვლევების თანახმად, ძალიან მცირე, 2.5 პროცენტიანი უპირატესობა აქვს კამალა ჰარისს. ეს არ არის მყარი უპირატესობა.

შუა აღმოსავლეთში უკვე ვეღარ შემოვიფარგლებით მხოლოდ ისრაელ-ჰამასის სამხედრო დაპირისპირებით. ისრაელი იბრძვის ჩრდილოეთით “ჰეზბოლას” წინააღმდეგ. ბოლო მონაცემებით, “ჰამასის” პოლიტიკური და სამხედრო ლიდერი იაჰია სინვარი იმყოფება ღაზის სექტორში. მას ახლოს ჰყავს დარჩენილი მძევლები, რათა არ განხორციელდეს მასზე სარაკეტო თავდასხმა. ისრაელის მხარე მზადაა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე მძევლების განთავისუფლების სანაცვლოდ.

ფოტო: maltatoday
kyivpost
swissinfo

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g