ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ცნობით, ქალაქ ამბროლაურის მოსახლეობას დღეიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოემსახურება.
მოსახლეობის საჭიროების გათვალისწინებით, ქალაქის ტერიტორიაზე ავტობუსი სატესტო რეჟიმში იმოძრავებს. სატესტო რეჟიმი გულისხმობს, მოსახლეობასთან შეთანხმებით და მათი აზრის გათვალისწინებით, ავტობუსის გადაადგილების საბოლოო მარშრუტის და გაჩერებების დადგენას, ასევე შესაძლებელია მოძრაობის დროების და გრაფიკის ცვლილება.
სატესტო რეჟიმის განმავლობაში (26 იანვრიდან 1 თებერვლამდე), ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება.
თებერვლის შემდეგ მგზავრებს საშუალება ექნებათ მინიმალურ ფასად – 50 თეთრად გადაადგილდნენ ქალაქის სხვადასხვა მიმართულებით (შეღავათით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველი პირები, საბავშვო ბაღის აღსაზრდელები და სკოლის მოსწავლეები).
ავტობუსი იმოძრავებს დილით 08:30-დან 09:10 საათამდე და საღამოს 18:10-დან 18:50 საათამდე.