აშშ-ში, ნიუ-ჯერსის შტატის მკვიდრმა წყლის პისტოლეტის გამოყენებით ბანკი გაძარცვა. New York Post-ის ინფორმაციით, ქალმა 60 ათასი დოლარი გაიტანა.
ინციდენტი ჯერ კიდევ 2024 წლის ივლისში მოხდა, თუმცა მის შესახებ მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი. 39 წლის სიარა ბრასკო TD Bank ბანკის ერთ-ერთ ფილიალში დღის 2 საათისთვის მივიდა. ამერიკელი სამედიცინო ნიღბით, სათვალით და კეპით იყო შენიღბული. ის ერთ-ერთ მოლარესთან მივიდა და გადასცა ბარათი, ფულის მოთხოვნით. სიარა ასევე დაიმუქრა იარაღის გამოყენებით, თუკი ბანკი სიგნალიზაციის ჩართვას გადაწყვეტდა.
მოლარემ მძარცველი საცავისკენ წაიყვანა. იქ მან ფული მოაგროვა და ტერიტორია სასწრაფოდ დატოვა. სექტემბერში პოლიციამ სიარა იპოვა და დააპატიმრა. ქალმა გამოძიებას უთხრა, რომ ქურდობისკენ ფინანსურმა პრობლემებმა უბიძგეს. გარდა ამისა, ქალმა დააზუსტა რომ ბანკი სათამაშო, წყლის პისტოლეტით გაძარცვა.
ამჟამად სასამართლო პროცესი ისევ გრძელდება. ამერიკელს 20 წლამდე პატიმრობა და ჯარიმა – 250 ათასი დოლარის გადახდა ემუქრება.
