LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულ ავიაბაზარზე ბაჰრეინის წამყვანი ავიაკომპანია შემოდის

23

საქართველოს ავიაბაზარზე ბაჰრეინის სამეფოს წამყვანი ავიაკომპანია „Gulf Air“ შემოდის. ბაჰრეინსა და თბილისს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შესრულების ნებართვის მიღების მიზნით, ბაჰრეინის სამეფოს საავიაციო ხელისუფლებამ და „Gulf Air“-მა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს იანვარში მომართეს.
როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, ავიაკომპანიამ უცხო სახელმწიფოს ავიაკომპანიის დაშვებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები დააკმაყოფილა და სააგენტოს ნებართვა 2017 წლის 7 თებერვალს მიიღო.
ბაჰრეინი-თბილისი-ბაჰრეინის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შესრულებას ავიაკომპანია 2017 წლის 22 ივნისიდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე გეგმავს. რეისები კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს, შაბათსა და კვირას, Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.

შეგახსენებთ, საქართველოს საავიაციო ბაზრით ავიაკომპანია 2016 წელს დაინტერესდა. საქართველოს მთავრობასა და ბაჰრეინის სამეფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას 2016 წლის 21 იანვარს მოეწერა ხელი. პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის მიზნით ავიაკომპანიამ კონსულტაციები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, მასში შემავალ საავიაციო უწყებებთან, „ტავ ჯორჯიასთან“, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან გამართა.

ცნობისთვის, „Gulf Air“ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელის მქონე ავიაკომპანიაა, რომელიც ბაჰრეინის საერთაშორისო აეროპორტიდან 40-ზე მეტ საერთაშორისო მიმართულებას სთავაზობს მგზავრებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები