„ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემთხვევაში, ცხადად წარმოჩინდება, რომ „დიფ სთეითმა“ დიდი ბრიტანეთი უკრაინის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ევროპარლამენტის დონემდე დაიყვანა, რაც გამორჩეულად ტრაგიკულ მოვლენად უნდა შეფასდეს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.
„ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადების თანახმად, გამაოგნებელია, რომ ის, რაც ინგლისში ჯერ კიდევ მე-13 და მე-17 საუკუნეებში გაიაზრეს, “დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ 21-ე საუკუნეში სრულად დაივიწყა და ფეხქვეშ გათელა“.
„როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში თოთხმეტმა დეპუტატმა შეიტანა ინიციატივა ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შესახებ. ამ ინიციატივას წინ უსწრებდა დიდი ბრიტანეთის მიერ ვახტანგ გომელაურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნების სანქცირება.
ქართულ საზოგადოებას კარგად მოეხსენება, რომ ისტორიულად, დიდი ბრიტანეთი ყოველთვის გამოირჩეოდა როგორც ძლიერი, სუვერენული და პროგრესული სახელმწიფო, რომლის წიაღშიც განვითარდა სამართლის უზენაესობის იდეა და ადამიანის ძირითადი უფლებები. სწორედ ინგლისში წარმოიშვა საპროცესო ძირითადი უფლებები და კონკრეტულად, სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომლის თანახმად ადამიანისთვის სანქციის შეფარდებამდე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს მისი სათანადო მოსმენა და უტყუარი მტკიცებულებებით სანქციის გამყარება. გამაოგნებელია, რომ ის, რაც ინგლისში ჯერ კიდევ მე-13 და მე-17 საუკუნეებში გაიაზრეს, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ 21-ე საუკუნეში სრულად დაივიწყა და ფეხქვეშ გათელა.
ყველას გვახსოვს ხუთი უსამართლო და სამარცხვინო, ანტიქართული რეზოლუცია, რომლითაც ევროპარლამენტი ბიძინა ივანიშვილის დასჯას და კრიმინალების განთავისუფლებას ითხოვდა. ყველას გვახსოვს უსამართლო და სამარცხვინო უკრაინული სანქციები ქართველი პოლიტიკოსების, საჯარო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ, რომელიც არავითარი ფაქტით და მტკიცებულებით არ იყო გამყარებული. ყველას გვახსოვს ლიეტუვისა და ესტონეთის ანტიქართული გადაწყვეტილება ქართველი პოლიტიკოსებისა და მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების შეფარდების თაობაზე, რომელიც, ასევე, არავითარ ფაქტებს და მტკიცებულებებს არ ემყარებოდა. უკიდურესად შემაშფოთებელია, რომ ისეთი ქვეყანა, როგორიც დიდი ბრიტანეთია, დღეს „დიფ სთეითმა“, იგივე გლობალურმა ომის პარტიამ, ზუსტად ისეთივე თავის მორიგ სათამაშოდ აქცია, როგორც უკრაინა, ლიეტუვა, ესტონეთი და ევროპარლამენტი.
დღეს, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, სანქციებით ემუქრებიან საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერს, რომელმაც საქართველო ავტორიტარული მმართველობისგან დაიხსნა, ქვეყანას დემოკრატიული გარდატეხა მოუტანა, საქართველოში ადამიანების მკვლელობისა და წამების, ბიზნესის რეკეტის, მედიის მიტაცებისა და არჩევნების გაყალბების სისტემური პრაქტიკა დაასრულა, ქვეყანას 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა შეუნარჩუნა და ეკონომიკა გაუსამმაგა,
დიდი ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემთხვევაში, ცხადად წარმოჩინდება, რომ „დიფ სთეითმა“ დიდი ბრიტანეთი უკრაინის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ევროპარლამენტის დონემდე დაიყვანა, რაც ამ სახელმწიფოს ისტორიული წარსულის გათვალისწინებით, გამორჩეულად ტრაგიკულ მოვლენად უნდა შეფასდეს.
სანქციების დაწესების შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთის, როგორც სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ძირითად უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს, ავტორიტეტი საბოლოოდ ჩაბარდება წარსულს. თუმცა, იმ ფონზე, რომ „დიფ სთეითმა“, ანუ გლობალურმა ომის პარტიამ, არაერთი სახელმწიფო ფიზიკური განადგურებისთვის გაწირა, დიდი ბრიტანეთის სახელმწიფოებრივ-მორალური განადგურება და დაკნინება ბევრად ნაკლებად ტრაგიკული მოვლენაა”, – ნათქვამია განცხადებაში.