“ქართული ოცნება” ოპონენტებს საარჩევნო ბარიერის დასაწევად საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში ჩართვას მოუწოდებს. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს, ეს იქნება დასტური იმისა, რომ ისინი ქვეყანაში არა დემოკრატიის განვითარებას, არამედ მის უკუსვლას უჭერენ მხარს.
“ეს არის ხელშეწყობა პოლიტიკური პლურალიზმისთვის, პოლარიზაციის შემცირება და მეტი პარტიის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა 2024 წლის არჩევნების შემდგომ საქართველოს პარლამენტში. ეს არის კიდევ ერთი ტესტი პოლიტიკური ოპონენტებისთვის. თუ მათ მხარი არ დაუჭირეს ამ პროექტს, ეს იქნება კიდევ ერთი ლუსტრაცია, რომ ისინი მხარს უჭერენ არა დემოკრატიის განვითარებას, არამედ დემოკრატიის უკუსვლას,”- აცხადებს ოხანაშვილი.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი შეეხება საარჩევნო რეფორმას, რომელიც “ქართულ ოცნებასა” და “მოქალაქეებს” შორის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ შეიქმნა. საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების მიხედვით, მოხდება საარჩევნო ბარიერის დაწევა 0-დან 3%-მდე ფარგლებში. ამასთან, აღნიშნული კანონპროექტით, პარლამენტში ფრაქციის შექმნისთვის საჭირო დეპუტატების რაოდენობა 7-დან 4-მდე მცირდება.