LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ოცნება ზედმეტად ზედმიწევნითაც ასრულებს ამ შეთანხმების პირობებს, ოპოზიცია კი ხელს არ აწერს შეთანხმებას და არ მონაწილეობს სამუშაო პროცესში: გიორგი ხელაშვილი

48
გიორგი ხელაშვილი

ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ვიზიტთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ხელაშვილი ფორტუნას გადაცემაში „დღის თემა“ საუბრობს. მისი თქმით, შარლ მიშელის ვიზიტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სულ უფრო და უფრო ახლოს ვართ ევროკავშირის დღის წესრიგთან.

ის ასევე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია საქართველომ შარლ მიშელის დოკუმენტში გაწერილი პირობები შეასრულოს, რასაც ქართული ოცნება ზედმეტად ზედმიწევნით ასრულებს. ხელაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს და არ მონაწილეობს სამუშაო პროცესში, რასაც აბსურდულ მდგომარეობამდე მივყავართ, როდესაც რადიკალურ ოპოზიციურ პარტიას საპარლამენტო ცხოვრების გაგების პრობლემა აქვს.

გიორგი ხელაშვილის თქმით, ევროკავშირმა უნდა გააცნობიეროს, რომ საქართველოში კონფლიქტების მოგვარება, მარტო ქართველი ხალხის თავსატეხი არაა და ევროკავშირის ჩართულობას ამ პროცესში სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

შარლ მიშელის ვიზიტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სულ უფრო და უფრო ახლოს ვართ ევროკავშირის დღის წესრიგთან. ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირს საქართველოს შიდა პრობლემები უკვე გათავისებული აქვს. ასე, რომ მთელი ჩვენი შიდა პოლიტიკური ძიძგილაობის მიუხედავად სავსებით ცხადია, რომ ევროკავშირისთვის სულ ერთი არ არის ის, რაც ხდება საქართველოში.

ვიზიტის მეორე წახნაგია ის, რომ სწორედ საქართვლოში, ბათუმში გაიმართა „ევროკავშირის ტრიოს“ კონფერენცია და შეხვედრა ევროკავშირის პრეზიდენტთან. საქართველო, მოლდოვა და უკრაინა არის ის სამი ქვეყანა, რომელიც ყველაზე უფრო ახლოსაა ევროკავშირის წევრობასთან ჩვენს რეგიონში. ძალიან კარგია, რომ საერთო ძალისხმევით შეგვიძლია ევროკავშირს ველაპარაკოთ და იმედი მაქვს რომ ეს კონფერენცია კიდევ უფრო დააჩქარებს ჩვენს ინტეგრაციას ევროკავშირთან.

ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი რამე ჩვენზე დამოკიდებული, პირველ რიგში იმაზე, თუ როგორ შევძლებთ ქართველები ერთმანეთთან საუბარს. არა წივილ-კივილს, ჩხუბს, ობსტრუქციას, ნგრევას, არამედ ცივილიზებულ საუბარს ერთმანეთთან.

ვიზიტის მესამე მნიშვნელოვანი წახნაგია ის დოკუმენტი, რომელსაც მთელი საქართველო შარლ მიშელის დოკუმენტის სახელით იცნობს. თავად შარლ მიშელმაც თქვა, რომ გარკვეული უთანხმოება არსებობს, უზენაესი სასამართლოს წევრების დანიშვნასთან დაკავშირებით, რაც რა თქმა უნდა ჩვენთვის პრიორიტეტია, ისევე როგორც ევროკავშირისათვის და იმედი მაქვს, რომ ამ უთანხმოებას მოევლება.

რაც შეეხება დანარჩენ პუნქტებს, მას რაიმე შინაარსობრივი შენიშვნა არ ჰქონია, ვინაიდან ქართული ოცნება ზოგჯერ ზედმეტად ზედმიწევნითაც ასრულებს ამ დოკუმენტის პირობებს, როდესაც ქართული ოპოზიცია ან ხელს არ აწერს ამ შეთანხმებას, ან წინააღმდეგ აძლევს ხმას, ან კიდევ არ მონაწილეობს სამუშაო პროცესში. მივდივართ აბსურდულ მდგომარეობამდე, როდესაც რადიკალურ ოპოზიციურ პარტიას საპარლამენტო ცხოვრების გაგების პრობლემა აქვს, რაც გუშინდელმა დღემაც აჩვენა. 

საქართველოში დღეს არსებული პრობლემები არის ოპოზიციის ობსტრუქციის მთავარი შედეგი. ოპოზიციას თავიდანვე რომ ეღიარებინა მარცხი არჩევნებზე და შემოსულიყო სამუშაო კონსტრუქციულ გარემოში, 9 თვის თავზე გვექნებოდა ძალიან კონსტრუქციული სამუშაო გარემო და ძალიან ბევრ პრობლემას გადავწყვეტდით. მათ შორის, მთავარ პრობლემას, რომელიც ქვეყნის წინაშეა, ეს არის კოვიდპანდემია და ამ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი. გუშინ პარლამენტში განვითარებული მოვლენები შეურაცხყოფაა, არამარტო პარლამენტის, არამედ საერთოდ ქართველი ხალხის.

ჩვენთვის ჩვენი სუვერენიტეტის მთავარ დამცველი არის ქართველი ხალხი, თავდაცვის ძალები და სტრატეგიული პარტნიორები, რომელთაგან უმთავრესი არის ევროკავშირი. სამწუხაროდ, ათწლეულების განმავლობაში ევროკავშირის ჩართულობა და ეფექტურობა კონფლიქტების მოგვარების თვალსაზრისით არ იყო ის, რასაც საქართველო მოელის და იმსახურებს. ვფიქრობ, ევროკავშირის ინტერესშია, რომ კავკასიაში და საქართველოში კონფლიქტები მოგვარდეს, თანაც ტერიტორიული მთლიანობის და მორალის, დემოკრატიის და ადამიანის უფლებების სრული დაცვით. 

ევროკავშირმა უნდა გააცნობიეროს სწორედ ის, რომ საქართველოში კონფლიქტების მოგვარება, მარტო ქართველი ხალხის თავსატეხი არაა. თუ ჩვენ დემოკრატიულ სამყაროსთან ერთად არ გავერეთიანდით რუსეთის წინააღმდეგ, მარტო საქართველო ამას ვერ აუვა. ჩვენი მოწინააღმდეგეა ბირთვული ზესახელმწიფო, რომელთან ჭიდაობაც ამერიკის შეერთებულ შტატებსაც კი უჭირს.

ჩვენთვის ევროკავშირის ამ ჩართულობას აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა და იმედია რომ ევროკავშირში ამას აცნობიერებენ“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

magti 5g