საქართველოს საავიაციო ბაზარზე გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით, ისევ თურქული კომპანია Turkish Airlines დაწინაურდა.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან AviaNews-ის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, საქართველოს საავიაციო ბაზარზე მოქმედი ავიაკომპანიების პროცენტული წილების მიხედვით, 2021 წლის 3 თვის მონაცემებით, Turkish Airlines ლიდერობს და მას პირველ კვარტალში გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით ბაზრის 19% უკავია.
2021 წლის 3 თვის მონაცემებით ბაზრის 11-11%-იან წილს იყოფენ უკრაინული ავიაკომპანია SkyUp Airlines და თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines. ხუთეულში არიან LOT Polish Airlines – 7%-ით და FlyUIA – ასევე 7%;-ით.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის 85%-იანი კლებაა. 2021 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები ჯამში 105 279 მგზავრს მოემსახურა, რაც სწორედ 85,20%-ით ნაკლებია 2020 წლის იანვარ-მარტის მონაცემებთან შედარებით.
