ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით რუსეთის იუსტიციის სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა.
ლევან იზორიას განცხადებით, რუსეთისგან მსგავსი ხასიათის განცხადება გასაკვირი არ არის.
„ასეთი ტიპის განცხადებები რუსეთისგან არ მიკვირს. რაც შეეხება, ობიექტურ რეალობას, ქართულმა მხარემ საკმაოდ მყარი და მტკიცე მტკიცებულებები წარადგინა სასამართლოში, რაც გვაძლევს საფუძველს და იმედს იმისთვის, რომ სასამართლომ გამოიტანოს გადაწყვეტილება, სადაც რუსეთის მხრიდან კონვენციის ცალკეული მუხლების დარღვევები დაფიქსირდება. ჩვენ ვსაუბრობთ მტკიცებულების ენით, განსხვავებით ცინიზმისგან,“ – განაცხადა ლევან იზორიამ.
რუსეთის იუსტიციის სამინისტროს განცხადების თანახმად, რუსეთის წარმომადგენლებმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში უარყვეს საქართველოს მიერ წარდგენილი ბრალდებები, 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.