LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართველები მაინც სხვანაირად გამოხატავენ სიყვარულს… ხშირად მაჩერებენ ქუჩაში და მიტყდებიან სიყვარულში, რაზეც ყოველთვის გული მიჩუყდება” – რეზო ჩხიკვიშვილი

609
რეზო-ჩხიკვიშვილი

რადიო „ფორტუნას“ გადაცემას „არტ-FM“-ს მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი სტუმრობდა, რომელმაც პირად და შემოქმედებით ცხოვრებაზე ისაუბრა.

ქართველი და გერმანელი მაყურებელი

ხასიათიდან და მენტალობიდან გამომდინარე ქართველი მაყურებელი ბევრად უფრო თბილია, მოფერება შეუძლია და ყოველთვის ღიად გამოხატავს საკუთარ გრძნობებს. ხშირად მაჩერებენ ქუჩაში და მიტყდებიან სიყვარულში, რაზეც ყოველთვის გული მიჩუყდება. გერმანელები უფრო თავშეკავებულები არიან, დისტანციის დაცვა ურჩევნიათ. მხოლოდ ერთხელ, სადებიუტო სპექტაკლის შემდეგ მომადგა უცნობი თაყვანისმცემელი დილის 8 საათზე და მომართვა თაიგული. რა თქმა უნდა, გერმანელ მაყურებელსაც შეუძლია დაფასება, თუმცა ქართველები მაინც სხვანაირად გამოხატავენ სიყვარულს. 30 წელი ვიმუშავე გერმანიაში და რაც ამ პერიოდში საქართველოში დამაკლდა, ახლა ვინაზღაურებ. მემგონი ცოტა თავიც მოვაბეზრე ქართველ მაყურებელს, რადგან ყველა ტელეარხის გადაცემაში მიმიწვიეს და ვერავის ვუთხარი უარი.  

მუსიკალური საღამოები

ძალიან საინტერესო ტრადიცია აქვთ გერმანიაში – სპექტაკლის შემდეგ მსახიობების დასი იმავე შემადგენლობით მართავს კონცერტს, რომელიც ერთგვარად აგრძელებს სპექტაკლს. თავიდან უცნაურად მომეჩვენა, თუმცა სწრაფად ავუღე ალღო, დუეტი შევქმენი არაჩვეულებრივ ქართველ მომღერალთან ნინო შატბერაშვილთან და 25 წელი თვითონ ვაწყობდი მუსიკალურ საღამოებს, მყავდა ბენდიც, ვისთან ერთადაც უფრო მასშტაბურ კონცერტებს ვმართავდი.

პროექტს, რომელსაც „ევროპაში მოგზაურობა“ დავარქვი, ყოველთვის საქართველოდან ვიწყებდი და ევროპის ქვეყნებში მოგზაურობით ვაგრძელებდი. სცენაზე აუცილებლად ეროვნული სამოსი გვეცვა, ფონად კი, საქართველოს კადრებს ვუშვებდით ეკრანზე. რა თქმა უნდა, პირველ რიგში მაყურებელს ვეცნობოდით და ვეუბნებოდით, რომ მართალია, ქართველები ევროპისა და აზიის გასაყარზე ცხოვრობენ, მაგრამ მაინც ევროპელები არიან, რადგან კულტურაც, რწმენაც და ხასიათიც ევროპული აქვთ. კონცერტის პროგრამა სხვადასხვა ქვეყნის ჰიტებს, სხვადასხვა ენაზე შესრულებულ სიმღერებს აერთიანებდა, თუმცა არა უბრალოდ კონცერტი, არამედ ქვეყნების, ხასიათების გაცნობა და ორი ქართველი მსახიობის ემოციების გადმოცემა იყო.  

5 ოქტომბერს ქალაქ ვიტენში, საერთაშორისო ფესტივალზე „მიწის ზეიმი, ოქროს შემოდგომა“ გვექნება გამოსვლა, 16 ნოემბერს კი, ქუთაისს ვეწვევით, სადაც ძალიან საინტერესო პროექტი განხორციელდა – შეიქმნა თომას მანის საზოგადოება, რომელსაც ნათია ჭოლაძე უხელმძღვანელებს. ინიციატივა ეკატერინე ჰორნს და ბონის თომას მანის საზოგადოებას ეკუთვნის, სადაც ქართული საღამო მოეწყო, მაშინ გადაწყდა ანალოგიური საზოგადოების ქუთაისში შექმნის იდეაც, ჩვენ კი, პრეზენტაციას დავესწრებით, როგორც ქართულ-გერმანული ხიდის მშენებლები.

ნოემბერ-დეკემბერში გერმანულ კინოში ვგეგმავ დაბრუნებას. წლების წინ კინოზე უარის თქმა მომიხდა, რადგან თეატრში ვიყავი დაკავებული და სხვა არაფრისთვის მქონდა დრო. 10-მდე ფილმში მივიღე მონაწილეობა, თუმცა ძალიან რთული აღმოჩნდა კინოსა და თეატრში ერთდროულად მუშაობა. ბრწყინვალე სერიალია „დანაშაულის ადგილი“, რომელში მონაწილეობა ნებისმიერ მსახიობს სოლიდურობას მატებს, სიამოვნებით ვიმუშავებდი ამ პროექტზე, თუმცა გერმანიაში კინოც და თეატრიც ძალიან სტრესულია, ამიტომ არ მინდა ზედმეტად გადატვირთვა. 67 წლის ვარ და ახლა ცხოვრებით სიამოვნება უფრო მჭირდება, ვიდრე თავგამოდებით მუშაობა. საინტერესო შეთავაზება მივიღე Netflix-გან, თუმცა უარი ვთქვი, რადგან 6 თვე სხვა ყველაფერზე უარის უნდა მეთქვა. არც პოპულარობას ვარ დადევნებული, არც შემოსავალს, ძალიან ბევრი ვიშრომე, ახლა კი, საქართველოში მინდა ჩემს გემოზე ცხოვრება. სიამოვნებით ვითანამშრომლებდი ქართულ თეატრებთან, თუმცა წინასწარ არაფერს ვგეგმავ, რადგან ძალიან მიყვარს მოულოდნელობები.

ყველაზე ემოციური სპექტაკლი

ბევრი იყო ასეთი სპექტაკლი. რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარს სადებიუტო სპექტაკლი „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“. მნიშვნელოვან დადგმად მიმაჩნია თემურ ჩხეიძის „ვერაგობა და სიყვარული“, მონოსპექტაკლით „ჭუჭყი“ კი, პრაქტიკულად გამოცდა ჩავაბარე გერმანულ თეატრში, რადგან ორი საათის მანძილზე ვესაუბრე მაყურებელს ერთი წლის ნასწავლი გერმანულით. ჯონათან საფრან ფოერის რომანების „სრული გასხივოსნების“,

„უსაშველოდ ხმამაღლა და წარმოუდგენლად ახლოს“ და ფრანც კაფკას მოთხრობის „მოხსენებითი ბარათი აკადემიას“ მიხედვით დადგმულ სპექტაკლებში კი, ბრწყინვალე მონოლოგები მქონდა. კინოში საუკეთესო ნამუშევრად ნიკოლოზ ხომასურიძის ფილმი „ექვთიმე ღვთისკაცი“ მიმაჩნია, რომელზე მუშაობაც მართლაც ძალიან ემოციური იყო.

გერმანია

ზოგადად, მსახიობობა ძალიან რთული პროფესიაა. გაგიკვირდებათ, მაგრამ გერმანიაში ძალიან ცოტა მსახიობს აქვს ოჯახი, რადგან საკუთარი საქმით ცხოვრობს და დრო არ რჩება პირადი ცხოვრებისთვის. საბედნიეროდ, მე კარიერის გაკეთებაც შევძელი და ოჯახის შექმნაც, რაც პირველ რიგში ჩემი მეუღლის დამსახურებაა, რისთვისაც დიდად ვემადლიერები. მეუღლე ყოველთვის ხელს მიწყობდა და მაქსიმალურად მიმსუბუქებდა მუშაობის რთულ პროცესს. თავიდან ოჯახის წევრებს გერმანულად ლაპარაკს ვთხოვდი, რადგან ძალიან გამიჭირდა გერმანულ ყაიდაზე გადასვლა და ენის სწავლა, თუმცა მერე  შემეშინდა და გერმანულად ალაპარაკებული ოჯახი ისევ ქართულ ენაზე დავაბრუნე.

მართალია, არასდროს მინანია გერმანიაში გამგზავრება, მეტიც, ძალიან ვემადლიერები იმ თეატრის ხელმძღვანელებს, რომელშიც ვმუშაობდი, მაგრამ გული მწყდება, რომ თავის დროზე უარი ვთქვი ჰამლეტის როლზე თემურ ჩხეიძის დადგმაში. ჩვეულებრივ, გერმანელები 2-3 წლის მერე ტოვებენ თეატრს, მე კი, სამი ხელმძღვანელი გამოვიცვალე და მთელი 30 წელი ვიყავი ხელშეუხებელი. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი თამაშითა და წარმოდგენებით უზარმაზარ პუბლიკას გავაცანი საქართველო. გაცილებაც ღირსეული მქონდა, ორჯერ მოვაწყვე გამოსამშვიდობებელი საღამო და ერთიანდ ვიგრძენი გერმანელი მაყურებლის დიდი სიყვარული.

შვილიშვილი

ჩემი შვილიშვილი გერმანიაში ცხოვრობს. თვითონ არაფერს ვამბობ, მაგრამ ოჯახის წევრები დარწმუნებული არიან, რომ ძალიან მგავს. ერთკვირიანი შვებულება ერთად გავატარეთ იტალიაში, ზღვაში ვიჭყუმპალავეთ, კარგად გავერთეთ და ძალიან ვისიამოვნეთ. ყველას გვაინტერესებს რომელ ენაზე ლაპარაკდება, რადგან დედა ინგლისურენოვანი ახალზელანდიელი ჰყავს, მამა ქართულად ელაპარაკება, ბაღში კი, გერმანულს სწავლობს, თუმცა, ვფიქრობ, მისი პირველი სიტყვა მაინც „ბაბუ“ იქნება. ბავშვი საუკეთესო თერაპიაა, რადგან სამწუხაროდ, ცხოვრება უფრო სევდაა, ვიდრე სიხარული, ბავშვს კი, იმდენი სითბო და სიყვარული აქვს, რომ მასთან ურთიერთობით ნებისმიერი დარდისგან იკურნები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g