LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი ხალხი იმსახურებს, გახდეს ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილი – „დროას“ წერილი ევროკავშირს

99
droa

„დროა“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპის პარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას,  ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელს,  ევროკომისარს სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰელის,  ევროპის პარლამენტის წევრებს ღია წერილით მიმართავს.

„ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო,

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, ბოლო 30 წლის განმავლობაში, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქართველი ერის ფუნდამენტური არჩევანია. საქართველოს ევროკავშირისა და ნატოს წევრობას მუდმივად აქვს საზოგადოების ფართო მხარდაჭერა – მოსახლეობის 80% განუხრელად უჭერს მხარს ევროკავშირში ინტეგრაციას.

ტოტალიტარიზმისა და ავტორიტარიზმის ნაცვლად, თავისუფლებისა და დემოკრატიის სასარგებლოდ გაკეთებულ არჩევანს ღიად ებრძვის რუსული აგრესიული რევიზიონიზმი, რადგან იგი არის ლიბერალური დემოკრატიისა და ღირებულებებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის წინააღმდეგი. საქართველოსა და უკრაინას წილად ხვდათ, ყოფილიყვნენ რუსეთის მიერ დაწყებული არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომების პირველი მსხვერპლი 2008, 2014 და ახლახანს, 2022 წელს.

გარდა სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიისა, რუსეთი იყენებს ჰიბრიდული ომის სხვა საშუალებებს სახელმწიფოს დემოკრატიული მმართველობისთვის ძირის გამოსათხრელად და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ საზოგადოებრივი მხარდაჭერის აღმოსაფხვრელად. ევროკავშირისა და ნატოს დახმარებით, საქართველომ გამოიმუშავა დემოკრატიული მმართველობის გასაძლიერებელი მექანიზმები, რამაც მნიშვნელოვანი შედეგები მოგვიტანა. მოქალაქეები მოტივირებულნი არიან, აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოც გახდეს ამ ორგანიზაციების წევრი.

ევროკავშირის კარის გაღება ახლა, როდესაც უკრაინა და უკრაინელი ხალხი გმირულად იცავს ჩვენი თავისუფლების საერთო ღირებულებას, სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესია ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის იდეისთვის ხორცის შესასხმელად. მივიჩნევთ, რომ ევროპისთვის ამ ისტორიულ ეტაპზე ჩვენი ვალი და ვალდებულებაა, ხაზი გავუსვათ ქართველი ხალხის მტკიცე ერთგულებას ევროკავშირისა და იმ ღირებულებების მიმართ, რასაც ევროკავშირი წარმოადგენს.

როგორც პროდასავლური ოპოზიციური პარტია, ჩვენ მუდმივი ბრძოლის რეჟიმში ვპასუხობთ ჩვენი მთავრობის ავტორიტარულ ტენდენციებს. გვჯერა, რომ მთავრობის მხრიდან ყველაზე მსხვილი დამოუკიდებელი სატელევიზიო არხის დირექტორის დაკავება და კოორდინირებული თავდასხმა ევროპარლამენტარებსა და ევროპულ ინსტიტუტებზე, ევროკავშირის მხრიდან ასოცირებული ტრიოს შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე კვირით ადრე, სულაც არ არის შემთხვევითობა.

თუმცა, ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ქვეყანაში მნიშვნელოვნად გააძლიერებდა დემოკრატიულ ძალებსა და დემოკრატიულ პროცესს და ასევე გააჩენდა ძლიერ ბერკეტს იმისთვის, რომ საქართველო არ იმსხვერპლოს რუსეთის აგრესიულმა ჰიბრიდულმა წნეხმა.

ვინაიდან ევროკავშირის გაფართოებას განაპირობებს მკაცრი პირობითობა, ეს აიძულებს მთავრობას, გახდეს უფრო ანგარიშვალდებული და გაატაროს საჭირო რეფორმები ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზაციისთვის. ქართველი ხალხი იმსახურებს, გახდეს ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილი, გარდა ამისა, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება შეუქცევადს გახდის ევროპულ მომავალს. ათწლეულების განმავლობაში, სწორედ დემოკრატიისთვის, თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის გაიღო დიდი მსხვერპლი ქართველმა ხალხმა.

დღეს უკრაინის გმირულმა ბრძოლამა და სიმამაცემ ასოცორიბული ტრიოსთვის გააღო ისტორიული კარი და მისცა შესაძლებლობა ბოლოს და ბოლოს გაერთიანდეს თავისუფალი ერების კავშირთან, განამტკიცოს საკუთარი უსაფრთხოება და შეიტანოს თავისი წვლილი ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის იდეაში.

საქართველო, მოლდოვა და უკრაინა მსგავსი საფრთხეების წინაშე დგანან, რაც უკავშირდება რუსეთის მიზანს, შეზღუდოს მათი სუვერენული არჩევანი და ევროპული მომავლისკენ სწრაფვა. აქედან გამომდინარე, ასოცირებული ტრიოდან საქართველოს გამოყოფა საზიანო გზავნილი იქნება ქვეყნის ევროპულ ოჯახში კუთვნილების შესახებ.

ვიმედოვნებთ, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას, გაითვალისწინებთ ათწულეულების განმავლობაში ქართველი ხალხის ძალისხმევას ევროპული მომავლისთვის“. – ვკითხულობთ პოლიტიკური პარტია „დროას“ მიერ გავრცელებურ წერილში.

magti 5g