“ქურდული სამყაროს” წევრობისთვის, ასევე “ქურდული სამყაროსთვის” მიმართვისა და მხარდაჭერისთვის პროკურატურამ 15 პირს ბრალდება წარუდგინა.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ნ.მ., კ.ნ., მ.მ., ა.ა., ა.ც., შ.მ., ბ.გ., პ.ბ., და შ.ქ., აღიარებენ “ქურდულ სამყაროს” და აქტიური კავშირი აქვთ საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდებთან.
ისინი თავიანთი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, “ქურდული სამყაროს” წესების შესაბამისად, წყვეტდნენ არაერთ დავას და მოქალაქეებს სისტემატურად სძალავდნენ ფულად თანხებს.
“გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ავტომანქანასთან დაკავშირებული ერთ-ერთი დავის გადასაწყვეტად, ბ.ა.-მ და ზ.ნ.-მ ქურდული სამყაროს წევრებს მიმართეს. კანონიერი ქურდის დავალებების შესრულებისას კი ბ.მ.-მ, ო.მ.-მ, გ.რ.-მ და გ.გ.-მ თავიანთი აქტიური ქმედებით ქურდული სამყაროს საქმიანობას ხელი შეუწყვეს.
ნ.მ.-ს, კ.ნ.-ს, მ.მ.-ს, ა.ა.-ს, ა.ც.-ს, შ.მ.-ს, ბ.გ.-ს, პ.ბ.-სა და შ.ქ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბ.მ.-ს, ო.მ.-ს, გ.რ.-ს და გ.გ.-ს ბრალდება 223-ე სამი პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (,”ქურდული სამყაროს” მხარდაჭერა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ხოლო ბ.ა.-ს და ზ.ნ.-ს 223-ე ოთხი პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროსთვის“ მიმართვა), რაც 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.” – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბრალდების მხარე დაკავებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.