LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისამდე სარკინიგზო ხაზის გაყვანა 5 მილიონი დაჯდება

41

იმისთვის, რომ ქუთაისის აეროპორტში მატარებლით ჩავიდეთ, საქართველოს რკინიგზა 5 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. მასშტაბური პროექტი 3 კილომეტრიანი გამჭოლი სარკინიგზო ხაზისა და სადგურის აშენებას ითვალისწინებს, სადაც დასავლეთისკენ მიმავალი და პირიქით მარშრუტზე მოძრავი ყველა მატარებელი გაჩერდება.

როგორც ”ფორტუნას” რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დაჩი ცაგურიამ განუცხადა, პროექტის განხორციელებაში ფინანსურ თანამონაწილეობას რკინიგზასთან ერთად, სახელმწიფოც მიიღებს.

”მოგეხსენებათ, პროექტი უამრავ მიმართულებას მოიცავს, მათ შორის აეროპორტში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობასაც. რაც შეეხება ქუთაისის აეროპორტთან სარკინიგზო ხაზის გაყვანას, ამ ნაწილში პროექტს მთლიანად რკინიგზა დააფინანსებს და ამისთვის დაახლოებით 5 მილიონი ლარი დაიხარჯება. რაც შეეხება პროექტის დანარჩენ მიმართულებებს, ამისთვის თანხას უკვე სახელმწიფო გაიღებს”, – აღნიშნა ცაგურიამ.

მისივე ინფორმაციით, ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს რკინიგზის საპროექტო სამუშაოები, რის შემდეგაც სამუშაოების შემსრულებლის შესარჩევად ტენდერი გამოცხადდება.

შეგახსენებთ, ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობის დაწყების ოფიციალური ღონისძიება გუშინ გაიმართა, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

”ქუთაისი გახდება ძალიან მნიშვნელოვანი ბიზნეს ცენტრი და ტურისტული ცენტრი. ქუთაისი ისტორიულად იყო და არის კულტურული ცენტრი საქართველოსი და ის გახდება სატრანსპორტო, ლოჯისტიკური, ტურისტული ცენტრი. ამასთან, ჩვენ ვახორციელებთ უმნიშვნელოვანეს პროექტებს ანაკლიაში. ეს არის ღრმა წყლოვანი პორტის მშენებლობა. ყველაფერი ერთიანი კომპლექსი იქნება. აქ სარკინიგზო ბაქანი არის შემადგენელი იმ სივრცითი განვითარების პროექტის, რომელიც 4-პუნქტიანი გეგმის ნაწილია და რომელიც გულისხმობს საქართველოს ყველა წერტილში ძირითადი ინფრასტრუქტურის მიყვანას”, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ყველა სამგზავრო მატარებელი, რომელიც აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით ან პირიქით გაივლის, გაჩერდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ჭიშკრის წინ. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, მთავრობას მიზნად აქვს, რომ ქუთაისის აეროპორტიდან მატარებლით შესაძლებელი იყოს საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მოხვედრა, ეს იქნება ზღვის თუ მთის კურორტები.