ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე მისასვლელი რკინიგზის მშენებლობა იწყება, – პროექტს, რომელიც საქართველოს მთავრობის ოთხ პუნქტიანი რეფორმების გეგმის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმართულების – სივრცითი მოწყობის შემადგენელი ნაწილია, ქუთაისში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჩაუყრის საფუძველს. ცერემონია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 20:30 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის გაზაფხულზე ქუთაისის აეროპორტში უკვე მატარებლით ჩახვალთ.
”თბილისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე საქართველოს რკინიგზა ორ პროექტზე მუშაობს – ერთი ითვალისწინებს კოპიტნარში არსებული ძველი სადგურის რეაბილიტაციას, მეორე კი ახალი სადგურის მშენებლობას. პირველი პროექტის განხორციელება უკვე დაწყებულია. რკინიგზა ძველი სადგურის სარემონტო სამუშაოებს საკუთარი რესურსით ახორციელებს, შესაბამისად, დიდი თანხა არ იხარჯება. პროექტის დასრულება, სავარაუდოდ, გაზაფხულის ბოლომდე მოესწრება”, – განუცხადა ”ფორტუნას” რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ.
მისივე თქმით, თბილისიდან დასავლეთისკენ მიმავალი მატარებლები ამ ძველ სადგურში გაჩერდებიან, ხოლო სადგურიდან აეროპორტამდე მგზავრებს ავტობუსი მოემსახურება.
”მატარებლის ბილეთის ფასში ავტობუსის მომსახურებაც შევა. მოგეხსენებათ, მსოფლიოში სამხრეთ აფრიკის შემდეგ, საქართველო მატარებლის ბილეთის სიიაფით მეორე ადგილზეა. შესაბამისად, არც თბილისიდან-კოპიტნარამდე ბილეთი ეღირება ძვირი”, – განმარტა რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა.
რაც შეხება მეორე სადგურს, როგორც ცაგურია ამბობს, გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც დასრულდება ეს მეორე, მასშტაბური პროექტი, ძველი სადგური აღარ იმუშავებს და მატარებელი პირდაპირ აეროპორტში გაჩერდება.
თბილისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე რკინიზგის მშენებლობას სახელმწიფო დააფინანსებს, თუმცა პროექტის განხორციელებაში ფინანსურ თანამონაწილეობას საქართველოს რკინიგზაც მიიღებს.