ქუთაისთან სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავარდა.
შემთხვევა ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე მოხდა და 13 ადამიანი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები ზესტაფონის ორ სამედიცინო დაწესებულებაში – „ფერომედსა“ და „ჯეო ჰოსპიტალსში“ მოათავსეს.
მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.
„ფერომედის“ ინფორმაციით, კლინიკაში ექვსი პაციენტია მოთავსებული. მათგან ერთ მამაკაცს მძიმე დაზიანებების გამო გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. დანარჩენ დაშავებულებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულები ტურისტები არიან.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
