LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო!

186
New Project

ასოციაციის „ქართული ღვინო“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 2023 წლის 1-2 დეკემბერს, საქართველოში ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი მეშვიდედ ჩატარდება. ღონისძიება დახურული დეგუსტაციით გაიხსნება.

კონკურსის მიზანია ქვევრის საუკეთესო ღვინოების წარდგენა, ქვევრის ღვინის წარმოებისა და რეალიზაციის ხელშეწყობა.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქვევრის ღვინის მწარმოებლებს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან და რეგიონიდან. კონკურსში მონაწილე შეიძლება იყოს: ღვინის საწარმო, ინდივიდუალური მეღვინე, კოოპერატივი ან მეღვინეთა გაერთიანება.

საკონკურსო ნიმუშებს ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური გასინჯავს.

„ფორტუნა“ ასოციაციის „ქართული ღვინო“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს ირაკლი ღადუაშვილს ესაუბრა:

– ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი 2017 წლიდან ტარდება. პირველივე ღონისძიებას ადგილობრივ ბაზარზე იმდენად დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რომ მას შემდეგ ყოველწლიურად იზრდება როგორც მონაწილეობის მსურველი კომპანიების რაოდენობა, ისე – ღვინის ხარისხი.

გამარჯვებულთა ვინაობის გამოვლენის გარდა, ყოველი კონკურსის შემდეგ კომპანიების ცნობადობის გაზრდის მიზნით სპეციალურ ღონისძიებებსაც ვატარებთ. მაგალითად, შარშან ჰორეკა სექტორის (Hotel/Restaurant/Café) წარმომადგენლებთან Be2Be შეხვედრაც კი მოვაწყვეთ. გამარჯვებული კომპანიების მონაწილეობით გამოფენა-გაყიდვის ორგანიზება წელსაც გვსურს.

ეს კონკურსი მცირე და საშუალო მარნებისთვისაა განსაკუთრებით ღირებული – ჩვენ მათი ნაწარმის საერთაშორისო ბაზრებზე, საერთაშორისო დეგუსტაციებზე წარდგენას ვცდილობთ. მაგალითად, იტალიის ქალაქ მერანოს ღვინის ფესტივალზე, რომელიც წელს 4-6 ნოემბერს ტარდება, ოქროსა და ვერცხლის მედლების მფლობელი ღვინოები მიგვაქვს.

მოგეხსენებათ, ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსის მონაწილეებს ყოველ წელს ღვინის ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად უცხოელი პროფესიონალებიც აფასებენ. ჟიურიში გვყოლია და წელსაც გვეყოლებიან ჰელმუტ კოხერი, ენდრიუ ჯეფორდი, რობერტ ჯოზეფი და სხვები. ჟიურის, ტრადიციუალად, მეღვინე გიორგი დაქიშვილი უხელმძღვანელებს.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს კონკურსი მეღვინეებისთვის ერთგვარი ინდიკატორია – მათ ჟიურის იმდენად მაღალი ნდობა აქვთ, რომ შედეგებს, უპირველესად, ხარვეზების აღმოსაფხვრელად ელოდებიან“.

ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსზე რეგისტრაცია 27 ოქტომბერს დასრულდება.

mazda magti 5g