“იმედით ვარ აღვსილი, რომ ჩვენი ქვეყანა შეძლებს წლის ბოლომდე იმ ძირითადი გეგმის შესრულებას, რაც ჩვენი ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის აცრას გულისხმობს.” – ამის შესახებ იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა პრემიერ-მინისტრთან ჯანდაცვის ექსპერტების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
კულუმბეგოვის თქმით, საქართველოს აქვს ვაქცინის გარანტირებული დოზები, ორმხრივი მოლაპარაკებები კი უკვე ახლოს არის გადაწყვეტილების მიღებასთან და მოსახლეობას ამის შესახებ მალე ეცოდინება.
“დღევანდელი შეხვედრა ეხებოდა მიმდინარე საკითხებს, ვაქცინაციისთვის მზადების პროცესს და იმ გეგმის იმპლემენტაციას, რომელიც ქვეყანას აქვს დასახული. რასაკვირველია, ჩვენი მიზანია, რომ ეს გეგმა იქცეს რეალობად და ბუნებრივია, ამისთვის, ყველამ ერთად მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ.
ისიც გვესმის, რომ მსოფლიოში სერიოზული პრობლემაა წარმოებასა და ვაქცინების მოთხოვნას შორის და ამიტომაც, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო პროცესი.
ჯერჯერობით, ქვეყანას აქვს რაღაც ტიპის გარანტირებული დოზები, იგივე კოვაქსის პლატფორმიდან. ორმხრივი მოლაპარაკებები არის უკვე ახლოს გადაწყვეტილების მიღებასთან და ამის შესახებ მოსახლეობას მალე ეცოდინება.” – განაცხადა კულუმბეგოვმა.
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს შეხვდა. შეხვედრაზე ვაქცინაციისთვის მზადება და ქვეყნის ვაქცინებით უზრუნველყოფის პროცესი განიხილეს.